დეგნანი: სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება

282

საქართველოში ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმე საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება.

როგორც დეგნანმა აღნიშნა, საქართველოს მეტი პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება.

“გუშინდელ დღეზე მეტად მნიშვნელოვანია მომავალი და გზა წინისკენ, მოგეხსენებათ, არჩევნები არის პერიოდი, როცა ყველასათვის მნიშვნელოვანია ისეთ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რაც მოსახლეობას აწუხებს. იმედი მაქვს, არჩევნების შემდეგ, პოლიტიკური ლიდერები დაიწყებენ ისეთ საკითხებზე მუშაობას, რაც ქართველ მოსახლეობას აწუხებს, ეს იქნება კოვიდი, ეკონომიკა, გაზრდილი ფასები, ინფრასტრუქტურა, განათლება და ა.შ.

საქართველოს სჭირდება მეტი პოლიტიკური სტაბილურობა და არა პოლარიზაცია. რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს, ეს პროცესი და საქმე იქნება საქართველოს სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ტესტი იქნება, თუ რამდენად მიუკერძოებლად, სამართლიანად და ღიად წარიმართება. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ პროცესს ყურადღებით დავაკვირდებით, იმედი გვაქვს, ეს ქართული კანონმდებლობის და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისი იქნება”,- განაცხადა დეგნანმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გუშინ დააკავეს. ასევე, დაკავებულია იმ ბინის მეპატრონეც, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა. ინფორმაცია თავად მესამე პრეზიდენტმა Facebook-ზე გაავრცელა.  მოგვიანებით კი ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში ინფორმაციას არ ადასტურებდნენ. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამაუკა მდინარაძემ თქვა, რომ მიხეილ პრეზიდენტს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილი საქართველოში არ არის, მისი ვიდეოები ფეიკია და იმაზე უფრო მარტივი ტექნოლოგიითაა გაკეთებული, ვიდრე DeepFake.

მესამე პრეზიდენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით ინფორმაციას შსს-ც უარყოფდა.