ზუგდიდში, გადასატან ყუთზე რეგისტრირებული ამომრჩეველი უბანზე ითხოვდა ხმის მიცემას, რასაც დაპირისპირება მოჰყვა

221

ზუგდიდის მე-8 საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა. უბანზე მოვიდა ამომრჩეველი, რომელიც გადასატანი ყუთის სიაში იყო. მას კომისიის თავმჯდომარე სოფიკო ქანთარიმ განუმარტა, რომ ვერ მისცემდა ადგილზე ხმას, რადგან არ იყო უბანზე რეგისტრირებული. ამ განმარტებამ, უბნის თავმჯდომარის ცნობით, მოქალაქის პროტესტი გამოიწვია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.

ამის შემდეგ ენმ-ის დამკვირვებელმა სოფიკო ჩვამანიამ ამ ამომრჩევლს მისივე განცხადება გააცნო, რომლითაც ის გადასატანი ყუთის სიაში შეყვანას ითხოვდა. ამაზეც პროტესტი გამოხატა ამომრჩეველმა. კომისიის წევრის გაცხადებით, მოქალაქემ მას ეს ფურცელი “თავზე გადაახია”.

საბოლოოდ, კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამომრჩეველმა ხმის მიცემა ვერ შეძლო, რადგან არ იყო უბანზე რეგისტრირებული. ორივე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ისე ენმ-ის წარმომადგენელი ამბობს,რომ სავარაუდოდ ამ ამომრჩეველს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

ენმ-მ საჩივარი დაწერა დასადგენად, ეკუთვნოდა თუ არა ეს განცხადება ამ კონკრეტულ ამომრჩეველს.