ანა წითლიძე: “ოცნების“ შტაბი ზუგდიდის უბნებზე ე.წ. კარუსელების დაორგანიზებას ცდილობს

296

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ შტაბი ზუგდიდის უბნებზე ე.წ. კარუსელების დაორგანიზებას ცდილობს.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ზუგდიდის 81-ე და 84-ე უბნებში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ცდილობენ ყალბი პირადობის მოწმობებით მისცენ ხმა იმ ადამიანების მაგივრად, რომლებიც ზუგდიდში არ იმყოფებიან.

„როგორც ჩანს, დილიდან პანიკაში ჩავარდნილი „ქართული ოცნების” შტაბი ცდილობს დააორგანიზოს ზუგდიდში „კარუსელები“ ყველა უბანზე. ჩვენი ინფორმაციით, „კარუსელების“ მცდელობას ადგილი ჰქონდა ზუგდიდის 81-ე და 84-ე უბანში, რისი აღკვეთაც შევძელით. დიმა ჩახაია, ლევან მიქავა, საბა ქუთელია, გოჩა კეკუტია და ლაშა ჯაიანი, ესენი არიან ადამიანები, ვისი იდენტიფიცირებაც შევძელით და აქვთ დავალება „ქართული ოცნების” წევრი გია სალიასგან, რომ უბნებზე შევიდნენ ყალბი პირადობების მოწმობებით და მისცენ ხმა იმ ადამიანების მაგივრად, რომლებიც არ არიან ზუგდიდში. 52-ე, 56-ე და 55-ე უბანზე ასევე იყვნენ არაუფლებამოსილი პირები.

ჩვენ დღის განმავლობაში გავასაჯაროებთ ყველა ადამიანის სახელს და გვარს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ „კარუსელში“. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, როგორც ვერ შეძელით დილიდან „კარუსელების“ დატრიალება, ასევე ვერ შეძლებთ ვერც ერთ უბანზე”, – აღნიშნა ანა წითლიძემ.