შინაგან საქმეთა სამინისტრო 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შსს-ს მიერ განხორციელებული ღონისძიებების და ასევე წინასაარჩევნო პროცესში მიმდინარე გამოძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
დეტალური ინფორმაცია ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ მიაწოდა.
„მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შსს-ს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ჯერ კიდევ 31 აგვისტოს შს მინისტრის მხრიდან გამოიცა ბრძანება, რომლითაც ყველა ტერიტორიულ ორგანოში შეიქმნა სპეციალური დანაყოფი, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას. გარდა ამისა, ჩვენ 900-მდე თანამშრომელი გადავამზადეთ საარჩევნო საკითხებთან დაკავშრიებით, იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ სპეციალური ცოდნა თავი გაართვან წინ დასახულ ამოცანებს. ასევე, მუდმივ კომუნიკაციაში ვართ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებთან. ჩვენ გამოვყავით საკონტაქტო პირები სამინისტროს მხრიდან, რომლებიიც ოპერატიულად და კოორდინირებულად შეძლებენ კომუნიკაციას შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, წინასაარჩევნო პროცესში მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში ჩვენ 27 სისხლის სამართლის სხვადასხვა საქმეზე გვაქვს გამოძიება დაწყებული. აქედან ძირითადი ნაწილი შეეხება როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების ბანერების დაზიანების საკითხს, ასევე სხვადასხვა ქონების დაზიანების ფაქტებს. გარდა ამისა, 9 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით. ჩვენ აქტიურად ვიძიებთ დმანისში მომხდარ ინციდენტს. მოგეხსენებათ, რომ ერთი პირი არის დაკავებული და მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ასევე ტელეკომპანია „მთავარის“ ოპერატორის მიმართ ჯანმრთელობის შესაძლო გაუფრთხილებლობით დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ასევე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია პარტია „საქართველოსთვის“ წევრებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლისა და იძულების ფაქტებთან დაკავშირებით.
ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ფარგლებში, 2 სხვადასხვა სისხლის სამრთლის საქმეზეა დაწყებული გამოძიება. პირველი ეს არის იძულება, რომელიც გულისხმობს პირის იძულებას მისი ნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს ქმედება. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ჩვენ უკვე 30-მდე პირთან გვქონდა გასაუბრება და მათ სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია მოგვაწოდეს. სამწუხაროდ, გარკვეული რაოდენობა, 12-მდე პირი დღემდე თავს იკავებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებისგან. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 169-ე მუხლით. აქ საკითხი შეეხება პარტია „საქართველოსთვის“ მხარდაჭერების სამსახურიდან შესაძლო იძულებით გათავისუფლების ფაქტებს. აქაც აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რამდენიმე პირი უკვე გამოკითხულია. 25 პირთან ჩანიშნულია გასაუბრება, ისინი გამოცხადებიან შს სამინისტროში, მისცემენ შესაბამის ჩვენებას გამოძიებას. აქაც სამწუხაროდ, 6 პირი თავს იკავებს პოლიციაში გამოცხადებისგან.
გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ „საარჩევნო კოდექსში“ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის მანძილზე აიკრძალა ნებისმიერი შეკრება, ამომრჩევლის აღრიცხვა და შეფერხება, აღნიშნულის დარღვევისთვის გათვალისწინებულია 2000- ლარიანი ჯარიმა. შესაბამისად, თუ პირები დაარღვევენ აღნიშნულ მოთხოვნას, პოლიციას მოუწევს რეაგირება. სწორედ ამიტომ, ყველა სუბიექტს და საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს მოვუწოდებთ, დაიცვან კანონის მოთხოვნები, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, იმისთვის, რომ არჩევნებმა მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიაროს.
შსს არჩევნების დღეს მედიას და საზოგადოებას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას მომხდარ სამართალდარღვევასა თუ სხვა ინციდენტთან დაკავშირებით“, – განაცხადა დარახველიძემ.