ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელმა უსაფუძვლო უწოდა დმო-ს ხელმძღვანელის ბრალდებებს

256

წინა სტატია

ზუგდიდის მერიაში დანიშნულების ადგილის მართვის აღმასრულებელი დირექტორის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ. მერის მოვალეობის შემსრულებლის კონსტანტინე კაკავას თქმით, მისთვის გაუგებარია ლევან წულაიას გადაწყვეტილება. მისი მტკიცებით დმო-ს ხელმძღვანელთან საკადრო ცვლილებებთან ან პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებული კომუნიკაცია არც მას, არც სახელმწიფო რწმუნებულს არც ჰქონია.

“ჩემთვის არის გაუგებარი რა ნაბიჯი გადადგა ამ ადამიანმა. ხელშეკრულების ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა ეს განცხადება. მოტივი და მიზანი ამ ბრალდებების მისსავე განცხადებაში ჩანდა. სამეთვალყურეო საბჭოს მოწვევას ისედაც ვგეგმავდით, რადგან ეწურებოდათ შრომითი ხელშეკრულების ვადა. აუცილებლად ვიმსჯელებდით მისთვის ამ ხელშეკრულების ვადის გაგრძელებაზე. გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ იმ დონორული ინვესტიციების ხარჯვასთან დაკავშირებით, რაც მას ჰქონდა მოძიებული სხვადასხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით, არასრულფასოვნად, არაჯეროვნად ხდებოდა ამ თანხების ათვისება, რის გამოც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია გამოთქვამდა შეიძლება ითქვას უკმაყოფილებას. თუმცა ეს არის მისი შიდა მენეჯმენტის საკითხი, შეიძლება პირდაპირ ჩვენ არ გვეხება. თუმცა როგორც ჩვენ მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, ის ანგარიშვალდებულია ჩვენს წინაშე. სამწუხაროდ, ამ ააიპიმ არ ისურვა ჩვენთან თანამშრომლობა და აუდიტისთვის ანგარიშების წარმოდგენა”, – თქვა კონსტანტინე კაკავამ.

მისი განმარტებით, მუნიციპალიტეტის იურიდიულ პირებში გეგმიური აუდიტორული შემოწმება ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში დაიგეგმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან წულაიამ დაკავებულ თანამდებობა დატოვა. მან ჟურნალისტებთან განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა და თქვა, რომ მაღალი თანამდებობის პირებმა დმო-ს დატოვებისკენ მას შემდეგ მოუწოდეს, რაც მისმა ძმამ გახარიას გუნდს მხარდაჭერა გამოუცხადა. ამასთან, წულაია გაუგებრად მიიჩნევს დანიშნულების მართვის ორგანიზაციაში წინასაარჩევნოდ ერთდროულად 2 სახის, სახელწიფო და ზუგდიდის მუნიციპალური აუდიტის მიმდინარეობას.