ცენტრალური მოედნისა და წითელი ხიდის რეკონსტრუქცია ქუთაისში – კიდევ რა პროექტები დაანონსა მერიამ წინასაარჩევნოდ

316

ქუთაისის მერია ” საპილოტე რეგიონების განვითარების საგრანტე კონკურსის ფარგლებში” 14 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გეგმავს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

აღმასრულებელმა საკრებულოს პროექტების ჩამონათვალი უკვე წარუდგინა.  შემდგომი ეტაპი მათი სამთავრობო კომისიისთვის წარდგენაა.

“ახლა ეს იდეეები უნდა  დაამტკიცოს სამთავრობო კომისიამ და უკვე მიმდინარე წლიდან დაიწყება მათზე  მუშაობა. შინაარსობრივად გავლილი გვაქვს ეს თემები და მათგან მზაობა არის, რომ ჩვენი მხრიდან სწორად წარდგენის შემთხვევაში, დამტკიცდება”, – ამბობს მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე.


საგრანტო კონკურსზე მერიამ შემდეგი პროექტები წარადგინა:

აეროპორტი – ქუთაისის გზატკეცილის მოწესრიგება;

ცენტრალური მოედნის მოწყობა;

ტაბიძის ქუჩის ფასადების რეაბილიტაცია;

ზ. ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის კეთილმოწყობა;

რუას ქუჩის მოწყობა და ტურისტულ ატრაქციად გარდაქმნა;

ჯომარდობის სტარტისა და ფინიშის, მდინარემდე მისასვლ/გამოსასვლელი ბილიკების კეთილმოწყობა;

ხელოვნური საცოცი კედლის მოწყობა;

საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა;

როკ ფესტივალისთვის ინდუსტრიული შენობის  კონსერვაცია და საკონცერტო სივრცედ მოწყობა, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის ხალხმრავალი კონცერტების ჩატარება;

ქალაქის რამდენიმე ადგილას ლაივ კამერების და მონიტორების მონტაჟი. ინიციატივის  ფარგლებში იგეგმება ქუთაისის ტურისტულ ლოკაციებსა და ძირითად ღირსშესანიშნაობებთან  მონიტორები და კამერების მონტაჟი, სადაც შესაძლებელი იქნება ლაივ რეჟიმში უყურო სხვა ქალაქის ქუჩებს და გამვლელებს, მიესალმო და გაესაუბრო ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

წყალწითელა – მოწამეთა – გელათი – ბერისციხე მონაკვეთის მარკირებას და საგზაო ნიშნების განთავსება;

DMO Imereti შენობაში ქართული სამზარეულოსა და სუფრის მინიატურული სამზარეულოს მუზეუმის მოწყობა, რომელიც ვიზიტორებს დეტალურად გააცნობს საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს მახასიათებლებს;

მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია;

წითელი ხიდის რეაბილიტაცია;

გრანტის  ჯამური ღირებულება 25 მილიონს შეადგენს.

მერიაში განმარტავენ, რომ პროექტების დამტკიცების შემთხვევაში მიმდინარე წელს მოხდება ტენდერების გამოცხადება, ხოლო სამუშაოები 2022 წელს  დასრულდება.