პარტია გახარია „საქართველოსთვის“ სამცხე–ჯავახეთში კოორდინატორი, ლევან თათოშვილი ამბობს, რომ შემოსავლების სამსახური მის ექვს კომპანიაში მას შემდეგ შევიდა, რაც ოპოზიციურ პარტიაში გაწევრიანდა. იგი ფაქტს პოლიტიკური აქტივობების ხელშეშლად აფასებს და ამბობს, რომ დაჯარიმების შემთხვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდენს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
თათოშვილის თქმით, შემოსავლების სამსახური შედის როგორც მის, ასევე მეგობრების კომპანიებშიც. ბოლო ერთ თვეში უწყებამ ისინი ორჯერ შეამოწმა.
„თავიდან, როცა მივიღე გადაწყვეტილება და შევუერთდი გახარიას გუნდს, მაშინვე მივიღე გაფრთხილება რომ ასე ვთქვათ გავშვებოდი ამ საქმიანობას. ექვსივე კომპანიაში, არსებულში თუ გაჩერებულში, შემოვიდა შემოწმება. მე მაქვს რამდენიმე სამშენებლო კომპანია, ასევე კვების ობიექტები, ფილიალი მაქვს ბათუმში, ყველგან შევიდნენ. პირველ ეტაპზე მივაწოდე დოკუმენტაცია, რადგან მყავს დაქირავებული აუდიტორული კომპანია და შესაბამისად ყველა საბუთი წესრიგში გვაქვს, მეორედ, ანუ დღეს უკვე კამერალური შემოწმება შემოვიდა. ჯერ აინტერესებდათ ორი თვის მონაცემები, ახლა მთელი წლის. ჩემი აზრით აინტერესებთ პარტიას ვაფინანსებ თუ არა“, –ამბობს იგი.
თათოშვილის თქმით, შემოსავლების მის კომპანიებში შესვლით ცდილობენ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ პროცესებს ჩამოაშორონ, თუმცა ვისი დავალებით კეთდება, ამაზე არ საუბრობს: „გადაწყვიტეს რომ მომაცდინონ და შემიქმნან ხელოვნური პრობლემები“.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, „სამხრეთის კარიბჭე“ შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა და მათგან პასუხს ველოდებით.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ კოორდინატორის, ლევან თათოშვილის დედა, მარინა აბულაძე და მისი და თამარ აბულაძე, სამსახურიდან 25 აგვისტოს გაათავისუფლეს.
მათივე თქმით, გათავისუფლებამდე ერთი დღით ადრე, ორივე და სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა კაბინეტში დაიბარა და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა .უარის მიღების შემდეგ კი თავად გაათავისუფლეს. აბულაძეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს. მათ მოთხოვნა სამსახურში დაბრუნება და განაცდური საათების ანაზღაურებაა.