“პანდემიის მიუხედავად, მთავრობა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გახსვისების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას არ აპირებს”, – ამის შესახებ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გამოცემა “bm.ge-ის” კითხვის პასუხად განაცხადა.
“პანდემიის პერიოდში, საინვესტიციო აქტივობების წასახლისებლად, ხომ არ ფიქრობს მთავრობა, მაგალითად, შეცვალოს მიდგომა უცხოელებზე მიწების გასხვისების მხრივ”, – ვკითხეთ ვიცე-პრემიერს და სოფლის მეურნეობის მინისტრს.
“ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკა გვაქვს, რომელიც კანონით დარეგულირდა. კანონით არის განსაზღვრული ასევე, თუ რა შემთხვევაში შეიძლებოდა ყოფილიყო მიწა უცხოელების მფლობელობის ქვეშ, ეს რეგულაციები
უკვე მთავრობის მიერაც არის მიღებული და განსაზღვრულია მოთხოვნები, რომლითაც შეიძლება უცხოელი მიწას ფლობდეს.
ეს შეიძლება იყოს არა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, არამედ მაღალტექნოლოგიური, მაღალი საინვესტიციო ღირებულების პროექტების შემთხვევაში, სწორედ ასეთ დროს შეეძლება უცხოელს ჰქონდეს ქართული მიწის ფლობის საშუალება, მაგრამ ეს უნდა იყოს ადგილზე რეგისტრირებული იურიდიული პირი და ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ მფლობელობაზე, მაგრამ ქართული მიწა ეკუთვნის მხოლოდ საქართველოში არსებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რაც მკაფიოდაა განსაზღვრული კანონით და კონსტიტუციით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც წლების წინ მიიღო მთავრობამ და თანმიმდევრულად ვახორციელებთ და პანდემია, რა თქმა უნდა, ამას არ შეცვლის.
„ოფიციალური აპლიკაციები არ მიგვიღია ჯერ, თუმცა რამდენიმე კომპანია, რომელიც საქართველოში მოღვაწეობს და ფლობს ბიზნესს, მათ შორის სასოფლო-სამერნეო წარმოებაში, მათ შორის შვეიცარული კომპანიები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში ხილის და სხვა მრავალწლოვანი კულტურების მოყვანით, მათი მხრიდან არის ინტერესი. ჯერ ფორმალური პროცესი ჩვენს სააგენტოში დაწყებული არ არის“, – განაცხადა მინისტრმა.