„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებულ კონკრეტულ სამართალდარღვევებზე მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება გაიზრდება

304

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებულ კონკრეტულ სამართალდარღვევებზე მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება გაიზრდება.

კანონის პროექტი, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა, ითვალისწინებს ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე უფლებამოსილი პირის ცვლილებას და ერთეულ შემთხვევაში სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრას.

როგორც პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ირაკლი ზარქუამ განმარტა, მოქმედი რეგულაციით მუნიციპალიტეტებში თუ რაიმე დარღვევა მოხდა, მაგალითად, უნებართვო მშენებლობა, სამშენებლო მასალებით დანაგვიანება და კეთილმოწყობილი სკვერების დაზიანება, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს და მერიებს ჯარიმის გამოწერის უფლებამოსილება არა აქვთ. მათ შეუძლიათ შესაბამისი ოქმით სასამართლოს მიმართონ, სადაც მოსამართლე განხილვის შემდეგ დაადგენს დაჯარიმებას ექვემდებარება თუ არა კონკრეტული შემთხვევა.

“ამ პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ეს სისტემა ეფექტიანი არ არის. ვფიქრობთ, რომ უფრო ადეკვატური და მეტი ეფექტის მომცემი იქნება თუ ეს უფლებამოსილებები სასამართლო სისტემიდან გადაეცემა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. ეს იქნება დეცენტრალიზაციის მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და ჩვენი მუნიციპალიტეტებიც ამისთვის მზად არიან“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცვლილებები შედის ასევე “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“, რომელიც სახელმწიფო თუ მუნიციპალურ მიწებზე უკანონო მშენებლობისთვის ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს.

ზარქუას განცხადებით, დღეს არსებული კოდექსით თუ სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობას დაიწყებს პირი, ის ჯარიმდება მხოლოდ 6 ათასი ლარით თვითმმართველ ქალაქებში, ქალაქებში 4 ათასი ლარით, დაბასა და სოფელში ათასი ლარით.

“აღმოჩნდა, რომ ეს ძალიან არაეფექტურია რადგან ჩვენ დედაქალაქის გარდა გვაქვს მუნიციპალიტეტები, სადაც ერთი კვადრატული მიწის ფასი უკვე 600-800 დოლარია. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ დღეს მოქმედი რეგულაცია ვერ აკეთებს პრევენციას, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს უკანონო მშენებლობები სახელმწიფო თუ მუნიციპალურ მიწებზე. ჩვენ გვაქვს ინიციატივა, რომ გაიზარდოს ჯარიმები. პირველ ჯერზე ეს არის 25 ათასი ლარი და შეჩერების დადგენილება. უკანონო მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში გათვალისწინებული 50 ათასი ლარი და თუ მშენებლობა კვლავ გაგრძელდება მაშინ უკვე სისხლის სამართლის საქმე აღიძრება. კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე სამშენებლო ნებართვების დარღვევისთვის შემოდის 20 ათას ლარიანი ჯარიმა. ეს ეხება მხოლოდ მე-3 და მე-4 კლასს ანუ სადაც კორპუსებს აშენებენ, ხოლო სადაც 1-ელი და მე-2 კატეგორია ანუ ორსართულიან სახლამდე მშენებლობებია, ჯარიმები არ გაიზრდება“, – განმარტა ირაკლი ზარქუამ.