ანა დოლიძე: პარტია „ხალხისთვის“ შევა საკრებულოში, ყველა კვლევით და წინასწარი მონაცემებით გვაქვს ამის მოლოდინი

292

პარტია „ხალხისთვის“ გადის საკრებულოში, მე ვარ უბრალოდ, მისი ელმავალი, – ამის შესახებ პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა, ანა დოლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„პარტია შევა საკრებულოში. ჩვენ ყველა კვლევით და წინასწარი მონაცემებით გვაქვს ამის მოლოდინი. შეიძლება, ჩემი სახით, მისი ლიდერი არ იყოს საკრებულოში, მაგრამ პარტია იმისაა, რომ ჩვენ ყველა თვითმმართველობა უნდა დავიკავოთ“, – განაცხადა დოლიძემ.

ამ განცხადებით ანა დოლიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ გადაწყვიტა მერობისთვის ბრძოლა მოცემულ ვითარებაში, როცა კონკურენცია მაღალია, მისი გამარჯვების შესაძლებლობა კი, მცირე და სჯობდა თუ არა საკრებულოში შესვლა, რათა საზოგადოებისთვის საკუთარი პოლიტიკური ხედვების უფრო აქტიურად მისაწოდებლად ეს პლატფორმა გამოეყენებინა.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ისიც იყო, რომ მას საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის დადასტურება წინა არჩევნებშიც ჰქონდა.

„წინა არჩევნების დროსაც ზუსტად იმავე კითხვებს მისვამდნენ და მეუბნებოდნენ, რომ აქეთ არის ხელისუფლების კანდიდატი და იქით არის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. ისევ ორპოლუსიანობის სცენარი იყო და მაშინაც მისვამდნენ კითხვას – რა გინდა ამ ორპოლუსიანობაში. მაშინ მიღებულმა შედეგმა დამარწმუნა, რომ ჩვენ მოსახლეობაში არის მზაობა, ეს ორპოლუსიანობა გავტეხოთ. აბსოლუტურად სუფთა ხელებით და მიზერული რესურსებით ჩატარებული ორთვიანი კამპანიით მე მაშინ 18% ავიღე“, – განაცხადა დოლიძემ.

შეკითხვაზე, რამდენად სწორი და ლოგიკურია ერთ უბანში მიღებული შედეგების მთელ ქალაქზე გავრცელება, ანა დოლიძემ განაცხადა, რომ ამას არჩევნები გვაჩვენებს.

„თუმცა, თუ კვლევებს შევხედავთ, რამდენიმე მაჩვენებელს დავინახავთ პირველი, ეს არის მოსახლეობის უმეტესობა, რომელიც ამბობს, რომ არსებული პოლიტიკური სპექტრი მის ინტერესებს არ გამოხატავს. ანუ, მოსახლეობის დაკვეთა არსებობს რაღაც სხვა ტიპის პოლიტიკურ ძალაზე და ჩვენ ვეცდებით, ვაჩვენოთ, რომ ეს ჩვენ ვართ. ასეთივე დაკვეთაა ახალ პოლიტიკურ სახეებზე და ახალ პოლიტიკურ პარტიებზე. ამომრჩეველი, რომელსაც არც ერთი პარტია არ მოსწონს და ორპოლუსიანობა არ მოსწონს, არის ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენი ამოცანაა, ეს ამომრჩეველი არჩევნებზე გამოვიყვანოთ“, – განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, მისი გუნდის ინტერესი არის ახალი ტიპის პოლიტიკა.

„ახალი ტიპის პოლიტიკა ნიშნავს ძალიან ბევრ განსხვავებულს იმისგან, რაც დღეს გვაქვს. არსებული პოლიტიკა მიბმულია დიდ ფულზე და დაფინანსებაზე. ჩვენთან კი, მაჟორიტარობის არც ერთი კანდიდატი და პროპორციული სიის არც ერთი კანდიდატი, მათ შორის მეც, პარტიიდან ანაზღაურებას არ ვიღებთ. ეს არის თავიდან ბოლომდე იდეოლოგიური მანქანა, რომელიც ფასეულობებზეა დაფუძნებული“, – განაცხადა დოლიძემ.

ანა დოლიძემ ასევე განაცხადა, რომ ქვეყანას ეკონომიკური კრიზისიდან წარმოების განვითარება გამოიყვანს და პარტია„ხალხისთვის“ ამოცანაა, შექმნას სიმდიდრე თითოეული მოქალაქისთვის.