სამცხე–ჯავახეთში ოპოზიციური პარტიის წევრებზე 20–მდე სავარაუდო ზეწოლის ფაქტი გამოვლინდა

424

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის  არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, სამცხეჯავახეთში ოპოზიციური პარტიების ლიდერები მმართველი გუნდის და ძალოვანი უწყებების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე ალაპარაკდნენ. რეგიონის ექვს მუნიციპალიტეტში დეპუტატობის კანდიდატობაზე უარი 20–მდე პირმა თქვა. სავარაუდოდ,  პოლიტიკური ნიშნით  სამსახურიდან გათავისუფლების ორი ფაქტი დაფიქსირდა ახალციხეშიც. ინფორმაიას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. 

„გახარია საქართველოთვის“

ყოფილი პრემიერმინისტრის,  გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, სამცხე–ჯავახეთში მათი პარტია 10–მდე წევრმა დატოვა. 25 აგვისტოს სამსახურიდან გაათავისუფლეს სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორის, ლევან თათოშვილის დედა, ა(ა)იპ ახალციხის ბაღების გაერთიანების იურისტი მარინა აბულაძე და მისი და, ახალციხის საკრებულოს აპარატის უფროსი თამარ აბულაძე.

როგორც მარინა აბულაძე ამბობს, გათავისუფლებამდე ერთი დღით ადრე, სამცხე–ჯავახეთის  მხარის რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა დაიბარა და სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა. გათავისუფლების საქმე აბულაძეებმა ახალციხის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრეს. აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს საკრებულოს თავმჯომარე გელა ნოზაძემ და მხარის მრწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა. ჩვენს  სატელეფონო ზარებს არ უპასუხა ააიპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა მარინა მერაბიშვილმა.

გახარიას პარტიის წარმომადგენლების თქმით, ზეწოლისა და მუქარის შედეგად, დეპუტატობის კანდიდატების ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა და პარტია დატოვა, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში. თუმცა ამ საკითხზე ისინი ღიად არ საუბრობენ.

„სამხრეთის კარიბჭე“ დაუკავშირდა ახალქალაქში პარტიის უკვე ყოფილ კანდიდატს, ლორანდ ეზოიანს, რომელმაც ზეწოლის ფაქტი უარყო და მომხდარი გაუგებრობად შეაფასა.

„არავის დავუშინებივარ. მეგონა, რომ გახარია ივანიშვილთან ალიანსშია. თუმცა როცა გავიგე, რომ ოპოზიციაშია, პარტია დავტოვე. სხვა მიზეზი არ ყოფილა. მე „ოცნებაში“ არ ვარ, მაგრამ „ოცნების“ მომხრე ვარ და პარტია ამიტომ დავტოვე“, – ამბობს ეზოიანი.

პარტიის კოორდინატორის, ლევან თათოშვილის თქმით, ასპინძისა და ახალქალაქის შემდეგ, მათი გუნდის წევრებმა კანდიდატობაზე უარი თქვეს ადიგენში, ბორჯომსა და ნინოწმინდაში.

ადიგენში პარტიული სია ორმა მაჟორიტარმა დატოვა, მათ შორის ერთი კობა გელაშვილია. თათოშვილის განცხადებით, კობა გელაშვილს შვილების სამსახურიდან გაშვებით დაემუქრნენ. მისი ერთი შვილი ადიგენის მერიაში მუშაობს, მეორე კი სპეცრაზმელია.

„სპეცრაზმელს პირდაპირ უთხრეს, რომ დაეწერა პატაკი, წინააღმდეგ შემთხვევაში თავად გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან. მეორე შვილი ადიგენის გამგეობის კულტურის განყოფილებაში მუშაობს. შვილებთან გასაუბრების შემდეგ განაცხადა  უარი მაჟორიტარობაზე“, – ამბობს თათოშვილი.

„სამხრეთის კარიბჭემ“ კობა გელაშვილთან დაკავშირება ვერ შეძლო, ადგილზე მისულებს იგი სახლში არ დაგვხვდა.

მმართველი გუნდის მხრიდან ზეწოლა კატეგორიულად უარყო გახარიას პარტიიდან წასულმა ბორჯომის სიის მესამე ნომერმა მარიამ გელაშვილმა.

„ვინ თქვა, რომ ზეწოლის ფაქტის შედეგად დავტოვე პარტია?! მე საჯარო მოხელე ვარ და გადავწყვიტე დავრჩე საჯარო სექტორში. გვიან მომივიდა გადაწყვეტილება, მაგრამ გადავწყვიტე. ეს არის მიზეზი, საჯარო მოხელე ვარ და გადავწყვიტე საჯარო მოხელედ დავრჩე, უფრო მეტს გავაკეთებ, დანარჩენი მერე იყოს. ბოდიში, მეტს ვერ დაგელაპარაკებით“, – გვითხრა მარიამ გელაშვილმა და ტელეფონი გაგვითიშა.

„ნაციონალური მოძრაობა“

პარტია „გახარია – საქართველოს“ მსგავსად, მათ კანდიდატებსა და მხარდამჭერებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“.

ახალქალაქში ენმ–ს მერობის კანდიდატის, მელიქ რაისიანის განცხადებით, მხარდამჭერებზე ზეწოლას ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი, სამველ მანუკიანი და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ახორციელებენ. შედეგად, პარტია დატოვა ვალოდია ზოპუნიანმა, ცისანა მიქელაძემ და ვალიკო ქოჩოიანმა.

„ჩვენი პარტიის ყველა წევრებზე უშიშროების მხრიდან, ასევე ადმინისტრაციული ორგანოებიდან და „ქართული ოცნების“ შტაბიდან ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდება. ვალოდია ზოპუნიანმა გუშინ დაწერა ოლქში განცხადება, ვიდეოც  მაქვს ჰასმიკი [მარანგოზიანი, საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე] როგორ უზრდელად ეუბნება „შენ რა კაცი ხარ“. ვალოდიას რძალი ოცნების შტაბში მუშაობდა. აქ საკითხი, იცით, რაშია?!, ადამიანი აიძულეს, რომ დაეწერა განცხადება.

ცისანა მიქელაძეს სამველ მანუკიანმა დაურეკა და უთხრა, რომ თუ არ მოხსნიდა კანდიდატურას, სამსახურს დაკარგავდა. მანუკიანი შვილით, რძლით, ქალიშვილით ახდენს ზეგავლენას ადამიანებზე. პოლიციის უფროსის შალვა ლომსაძის გეგმაა. იგივე ხდება ნინოწმინდაშიც. უნდათ, რომ არჩევნებში არ მივიღოთ მონაწილეობა“, – აცხადებს იგი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ვალიკო ქოჩოიანის თქმით, კანდიდატობაზე უარი, პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, მხითარ მურადიანის მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შედეგად თქვა. თუმცა, მოგვიანებით, გადაწყვეტილება შეცვალა და ისევ პარტიაში დარჩა.

„სოფელ ბურნაშეთში „ქართული ოცნების“ კომისიის წევრმა, მხითარ მურადიანმა მითხრა, რომ თუ პარტიას არ დატოვებ, შენი მეუღლე სამსახურს დაკარგავსო. მეც გავბრაზდი და დავწერე განცხადება. ჩემი ცოლი სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. სხვას არავის არაფერი უთქვამს. ახლა ისევ გავწევრიანდი პარტიაში“, – აცხადებს ენმ-ს წევრი ვალიკო ქოჩოიანი. [რედაქცია მხითარ მურადიანთან დაკავშირებას ცდილობს].

მუქარასა და ზეწოლაზე საუბრობს ამავე პარტიის წევრი ინგა მაისურაძე, რომელიც ახალქალაქის სერვისცენტრში, დასუფთავების სამსახურში მუშაობს. მისი თქმით, პარტიის დატოვება ცენტრის დირექტორმა, არმენ ბიჩახჩიანმა მოსთხოვა.

„ეტყობა, დირექტორამდე ვიღაცამ მიიტანა პარტიაში ჩემი გაწევრიანების ინფორმაცია. დირექტორმა არმენ ბიჩახჩიანმა დამიბარა და მითხრა, რომ ეს არის ჩემთვის დამაზარალებელი, – თუ გინდა,დარჩი მაგ პარტიაშიო, მაგრამ შენს თავს აყენებ ზარალსო და შენ საქმეს წაადგება ცუდადო. გამაგებინა, რომ სამსახურს დავკარგავ. მეუბნებოდა,- წამოდი, ხელი მოაწერე, უარი თქვი პარტიაზეო. მაგრამ მე ვუთხარი – არა, რადგან შევედი ამ პარტიაში, ბოლომდე გავიტან–მეთქი“, – ამბობს ინგა მაისურაძე.

ბიჩახჩიანმა „სამხრეთის კარიბჭეს“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა, სამსახურში კი არ დაგვხვდა.

ენმ-ს ყოფილი წევრი  ცისანა მიქელაძე ამბობს, რომ მის მიმართ ზეწოლა არავის განუხორციელება, – პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიიღო.

„ყველაფერი ტყუილია, არაფერი ეგეთი არ ყოფილა. პარტია ჩემი გადაწყვეტილებით დავტოვე. კაფეში ვმუშაობ, ჩემზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. ოთხი წლის განმავლობაში ვიმუშავე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, მაგრამ ახლა დავტოვე. ჩემს მეუღლეს არ უნდოდა, რომ მემუშავა და მაგიტომ. არც ერთ ჟურნალისტთან არ მისაუბრია, ტყუილები დაწერეს ჩემი სახელი და გვარით, თვითონ ეგრე აწყობდათ და ასე გაავრცელეს. ჩემი სახელით ილაპარაკეს, მაგრამ ჩემთვის არავის უკითხავს“, – ამბობს ცისანა.

სიცრუის გავრცელებაში მელიქ რაისიანს ადანაშაულებს ზოპუნიანების ოჯახიც. მათი თქმით, ვალოდია ზოპუნიანი პარტიაში მერობის კანდიდატმა ნასვამ მდგომარეობაში გააწევრიანა.

„სამხრეთის კარიბჭე“ შეეცადა ვალოდია ზოპუნიანთან დაკავშირებას, თუმცა მას ტელეფონი გათიშული ჰქონდა.

ენმ-ს დატოვებას პირად  პრობლემებს უკავშირებს ახალქალაქელი ქნქუშ არზუმანიანი. იგი ამბობს, რომ მასზე ზეწოლა არავის განუხორციელებია და გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა.

„ზეწოლა არ ყოფილა, უბრალოდ პირადი პრობლემების გამო დავწერე განცხადება პარტიის დატოვების თაობაზე. პარტიასაც ვუთხარი, რომ გავდივარ. მკითხეს, – რატომ, რა პრობლემა  გაქვსო; ვუთხარი, რომ ჩემი პირადი გადაწყვეტილებაა. ახლა ისევ მოვიფიქრე და პარტიაში ვრჩები. რადგან პასუხისმგებლობა ავიღე, ბოლომდე გავალ. სილამაზის სალონში ვმუშაობ“, – აცხადებს ქნქუშ არზუმანიანი.

მელიქ რაისიანი ირწმუნება, რომ პარტიის წევრები მუქარაზე ღიად სწორედ ზეწოლის გამო არ საუბრობენ.

ოპოზიციური პარტიები „ქართული ოცნების“ მხრიდან, მოქალაქეების დაშინებისა და მოსყიდვის ფაქტებზე საუბრობენ ადიგენის სოფელ მოხეში. ადგილობრივების თქმით, ხმების სანაცვლოდ, მოქალაქეებს უფლებას აძლევენ საშეშე მასალა უკანონოდ მოიპოვონ, სახელმწიფო კი დარღვევებზე არ რეაგირებს.

„ტყიდან ყოველ ღამე გადის შეშით დატვირთული ათობით მანქანა, რომელიც არის აბსოლუტურად ყალბი საბუთით, საშეშე მასალა იჭრება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე, საბუთი კი გაწერილია კერძო პირის კერძო საკუთრებაზე“, – გვითხრა  მოხეში მცხოვრებმა თეიმურაზ მიქელაძემ.

მისივე თქმით, ფიქსირდება მუქარისა და დაშინების ფაქტებიც: –„სახელმწიფო  წინასაარჩევნოდ  ადმინისტრაციულ რესურსთან ერთად იყენებს ბუნებრივ რესურსსაც. ერთ–ერთი ფაქტი ჩვენს წინ დგას, მოხის პოლიციის წინ, ხე–მასალით დატვირთული მანქანა. მე არ ვიცი ეს უკანონონო ჭრა იყო თუ არა, მაგრამ მეპატრონეს მანქანა ჩამოართვეს და სანაცვლოდ მის მთელ სანათესაოში ოცნების სასარგებლოდ ითხოვენ ხმების 100%–ს. პირობაა, თუ ოცნების სასარგებლოდ იქნება მობილიზებული ხმები, მანქანას გაათავისუფლებენ, თუ არა,  ემუქრებიან საჯარიმოზე გადაყვანით“.

მოსყიდვის სავარაუდო ფაქტებზე საუბრობს, ამავე სოფელში მცხოვრები,  პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი, თემურ მიქელაძეც.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ ასახელებენ იმ პირებს, ვისზეც მათივე თქმით, ზეწოლა ხორციელდება, „შეშინებულები არიან, სახლშიც რომც მიხვიდეთ, არაფერს გეტყვიან“.

„სამხრეთის კარიბჭე“ ადიგენში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს, გოჩა ქიმაძეს დაუკავშირდა, იგი, კატეგორიულად უარყოფს ხმების სანაცვლოდ დაშინების და მუქარის შემთხვევებს და ამბობს, რომ „ოცნებას“ გამარჯვებისთვის მსგავსი ქმედების ჩადენა არ სჭირდება.

სავარაუდო უკანონო ჭრებთან დაკავშირებით, რედაქცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დაუკავშირდა, უწყების ინფორმაციით, მსგავსი ფაქტები გამორიცხულია, რადგან ქვეყნის მასშტაბით 24 საათიანი პატრულირება მიმდინარეობს. დაუყოვნებლივი რეაგირება ხდება ცხელ ხაზზე (153) შესულ ზარებზეც:

სავარუდო ზეწოლის და დაშინების ფაქტზე საუბრობენ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წევრები ბორჯომშიც.

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის და პროპორციული სიის პირველი ნომრის, ბაკურ გელაშვილის თქმით, ტაბაწყურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვიდია ირიციანი სავარაუდო ზეწოლის მსხვერპლია, რის გამოც იგი იძულებული გახდა კანდიდატურა მოეხსნა.

„როგორც ინფორმაცია მაქვს სავარაუდო ზეწოლის ფაქტები იყო ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატის მიმართ, მაქვს ინფორმაცია, რომ თავად მიაცილეს ოლქამდე სადაც „ქართული ოცნების“ წევრი დახვდა, რომ განცხადება დაეწერა. ჩვენთან კავშირზე არ გამოდის, ზარებს არ პასუხობს, „ქართულმა ოცნებამ“ დააწერინა განცხადება და ჩვენ შემდგომ გავიგეთ, არც თავად არ გამოსულა კომუნიკაციაზე ჩვენთან“, – ამბობს ბაკურ გელაშვილი.

ვიდია ირიციანი ზეწოლის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ იგი ქვეყნის დატოვებას აპირებს, რის გამოც გადაწყვიტა, რომ კანდიდატურა მოეხსნა.

„ლელო“

ახალქალაქში კანდიდატების მხრიდან პარტიის დატოვებაზე საუბრობენ „ლელოშიც“.

„არარატ პეტიკიანმა დატოვა პარტია. არც ვიცი, განცხადება როდის დაწერა. ორი სიტყვით მითხრა, რომ მმართველი პარტია ეგონა და მაგიტომ დარეგისტრირდა ჩვენთან. არც დამაინტერესა, რატომ დატოვა პარტია, თავისი გადაწყვეტილებაა“, – აცხადებს პარტიის წარმომადგენელი ახალქალაქში, ზაქარ ზაქარიანი.

„სამხრეთის კარიბჭე“ დაუკავშირდა არარატ პეტიკიანს, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

„ევროპული საქართველოს“ მსგავსად, ახალციხეში „ლელოს“ პროპორციული სია ერთდროულად ოთხმა კანდიდატმა დატოვა. მოხდა თუ არა რაიმე სახის ზეწოლა „ლელოს“ წევრების მიმართ, ამაზე კომენტარი ვერ მივიღეთ.

პარტიიდან წევრების წასვლასთან დაკავშირებით საუბარი არ სურს, ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ჯუმბერ ინასარიძეს. იგი არც იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც კანდიდატურა მოხსნეს:

„არ მინდა ამ ხალხის დარტყმის ქვეშ დაყენება და ვერ გეტყვით ვინაობას, რადგან ეშინიათ და მოხსნეს კანდიდატურა,“ – გვითხრა ჯუმბერ ინასარიძემ.

„ევროპული საქართველო“

წინასაარჩევნოდ ბორჯომში „ევროპული საქართველოს“ პროპორციული სია დატოვა ოთხმა წევრმა, მათ შორის ერთი მაჟორიტარობის კანდიდატია.

„ერთ დღეში როდესაც ოთხი კანდიდატი ტოვებს პარტიას, ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ აქ სახელმწიფო მანქან ჩაერთო. მიზეზი, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ ძალის დემონსტრირებაა, დააშინოს ხალხი სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. ეს იმის ნიშანია, რომ „ქართული ოცნება“ არის პანიკაში და საშიშროების წინაშე დგას და ჩვენ სწორედ იმისთვის ვიბრძოლებთ, რომ 2 ოქტომბერს ეს ძალადობა დასრულდეს“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ ბორჯომის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და პარტიული სიის პირველი ნომერი ბაქარ შირაძე.

იგი არ ასახელებს პარტიის იმ წევრების ვინაობას, რომლებიც პროპორციულ სიას გამოეთიშნენ: „არ ღირს სიღრმეებში ჩასვლა“, – ამბობს ბაქარ შირაძე.

ბორჯომის მსაგავსად, ახალციხეში „ევროპული საქართველოს” პარტიული სია ერთმა კანდიდატმა დატოვა. ინფორმაცია მერობის კანდიდატმა, ზურა სადათიერაშვილმა დაგვიდასტურა. უარის მიზეზებზე პარტიაში ვერ საუბრობენ.

„ახალციხის საოლქოში დაუწერია განცხადება სიის დატოვებასთან დაკავშირებით. მითხრა, ოჯახში  არ მინდა პრობლემები მქონდეს და მიზეზებზე ვერ ვისაუბრებო. მე ჯერ ვერაფერს ვუკავშირებ“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ზურა სადათიერაშვილი.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. მისი თქმით, გასული წლებისგან განსხვავებით, პოლიტიკური ოპონენტების მხარდამჭერებსა და მათთან კავშირში მყოფ პირებზე, ზეწოლის შემთხვევები უფრო გახშირებულია.

მისივე თქმით, თანამშრომლების გათავისუფლებისა და ზეწოლის ფაქტების შესახებ ინფორმაცია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან აქვს, მათ შორის სამცხე-ჯავახეთიდან,  სამეგრელოდან, შიდა ქართლიდან.

სავარაუდო ზეწოლების საკითხთან დაკავშირებით დაიწყო თუ არა გამოძიება, ჩვენთვის უცნობია. აღნიშნულ საკითხზე შსს–დან და პროკურატურიდან პასუხი ვერ მივიღეთ.

ქართული ოცნების“ ლიდერი, ირაკლი კობახიძე, სამცხე-ჯავახეთში ოპოზიციური  პარტიების მხარდამჭერებზე ზეწოლის, მუქარის და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტებს უარყოფს და პარტიების მხრიდან საკითხით სპეკულირებად აფასებს. განცხადება მან ახალციხეში ვიზიტისას დღეს, 26 სექტემბერს გააკეთა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებზე სხვადასხვა სახის ზეწოლის ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან თავად ეს პირები, სამართალდამცავ უწყებებში გამოკითხვისას არ ადასტურებენ აღნიშნულს.

„საუბრობდნენ  (ოპოზიციური პარტიები) 100 შემთხვევაზე, საიდანაც ეს ყველაფერი, როგორც იცით დაყვანილი იქნა 25 შემთხვევამდე. აქედან 18 კაცი უკვე არის, როგორც ვიცი, გამოკითხული შესაბამის ფორმატში და ამ 18-დან არც ერთი არ ადასტურებს რაიმე ტიპის ზეწოლას ან მუქარა. ეს არის რეალობა“, – თქვა მან.

კობახიძის განცხადებით, ზეწოლის ფაქტები არის სპეკულაცია, რაც იმის შედეგია, რომ პარტიები არჩევნებს „ძალიან მძიმედ“ აგებენ.