დიდი მადლობა, რომ საწინააღმდეგო მოწოდებების მიუხედავად, 1 800 000 ქალ ამომრჩეველს მიეცით საშუალება, ყველა კანდიდატი და მათ შორის, ქალები ენახა დებატში, – ამის შესახებ „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, სადაც თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები იმართება.
დოლიძის თქმით, მიუხედავად იმისა, კანდიდატებს ოპონენტები მოსწონთ თუ არა, მათ პატივი უნდა სცენ.
„მივესალმები აუდიტორიას, მაყურებელს, ჩემს ოპონენტებს. დიდი მადლობა ამ დებატის ორგანიზებისთვის. დიდი მადლობა, რომ საწინააღმდეგო მოწოდებების მიუხედავად, 1 800 000 ქალ ამომრჩეველს მიეცით საშუალება, ყველა კანდიდატი და მათ შორის, ქალები ენახა დებატში.
საქართველო არის ალუდა ქეთელაურის ფასეულობების ქვეყანა და მიუხედავად იმისა, ჩვენი ოპონენტები და მით უმეტეს, მტრები მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ჩვენ მათ პატივი უნდა ვცეთ. მე ასე ვფიქრობ“, – განაცხადა დოლიძემ.
#დებატები დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატს შორის #არჩევნები2021 #LIVE
მსგავსი: #დებატები დედაქალაქის მერობის ყველა კანდიდატს შორის #არჩევნები2021 #LIVE
ანა დოლიძემ ასევე აღნიშნა, რომ დღეს თბილისს იდენტობა აქვს დაკარგული და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის შესაძლებლობა, ეს ყველაფერი შიცვალოს.
„მე ვარ თბილისელი. მე ვარ დაბადებული და გაზრდილი თბილსში. მე ნანახი მაქვს თბილისი, რომელიც იყო მზრუნველი, მე ნანახი მაქვს თბილისი, რომელიც წალეკა ნარკომანიამ. თითქმის ყველა ჩემი თანატოლი და მეზობელი გარდაიცვალა 90-იან წლებში, ან სამოქალაქო ომით, ან იმ ეპიდემიით და მე ვხედავ თბილისს, რომელსაც დღეს დაკარგული აქვს იდენტობა. ეს არჩევნები არის შესაძლებლობა, ეს ყველაფერი შევცვალოთ. გუნდი ცვლილებებისთვის არის პარტია „ხალხისთვის“, ნომერი 48“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
საქართველოს პირველ არხზე დებატები გაიმართა დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის: თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ #1; გიორგი ლომია – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ #8; ანა ბიბილაშვილი – „ლელო“ #9; მიხეილ ქუმსიშვილი – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ #10; გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“ #13; თეიმურაზ ბობოხიძე – „მამული“ #15; გიორგი ლაღიძე – „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“ #20; არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ #23; გიორგი გახარია – „გახარია – საქართველოსთვის“ #25; ქეთევან ნაკაშიძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ #29; ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ #30; ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ #37; კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ #41; ანა დოლიძე – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ #48; გიორგი გაჩეჩილაძე – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ #50. ამასთან, დებატებში მონაწილეობდა ნიკანორ მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ #5, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დებატები დატოვა.