ნინო ლაცაბიძე გამორიცხავს, რომ „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერი „ქართული ოცნების“ წევრმა სცემა

349

წინა სტატია

მე გამოვრიცხავ, რომ ჩვენი პარტიის მხარდამჭერი, ის ადამიანი, ვინც ჩვენი გუნდის წევრია, ემსახურება ქალაქს, ამ ტიპის დანაშაულს ჩაიდენდა, მე ამას გამოვრიცხავ, – განაცხადა რუსთავში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ივანე გველესიანის ცემის ფაქტთან დაკავშირებით.

ნინო ლაცაბიძე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის, დავით კირკიტაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამგვარი სამწუხარო ფაქტების გამოყენება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.

„ძალიან სამწუხარო ფაქტია, გამოძიება დაინტერესდება, ალბათ, დაინტერესდა კიდეც, მე არ მაქვს ინფორმაცია. ჩვენი ინტერესიცაა, რაც შეიძლება სწრაფად გავიგოთ რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმას, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ამგვარი სამწუხარო ფაქტები ერთმანეთს უნდა მივაწეროთ, ალბათ არასწორია და ეს მათი ხელწერაა. მე მესმის, მათ იმის იქით არ იციან არაფერი, არ აქვთ გეგმა, ვერ ესაუბრებიან მოქალაქეებს რის გაკეთებას აპირებენ მომავალში, როგორ შეიძლება ქალაქი განვითარდეს და მათი სტრატეგია საარჩევნოდ, ალბათ, არის ამ ტიპის ძალიან სამწუხარო ფაქტებზე აგებული. ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტიაა ქალაქში და მე არ მესმის რატომ უნდა ვიმართლო ამაზე თავი. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, როგორც ადამიანმა, ვწუხვარ ამ ფაქტზე და მინდა, რომ ეს ადამიანი რაც შეიძლება სწრაფად გამოჯანმრთელდეს და ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

არსებული ინფორმაციით, ივანე გველესიანს, ღამით უცნობმა პირმა საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში სახის არეში დაზიანება მიაყენა და მიიმალა. რუსთავის მერობის ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი დავით კირკიტაძე გველესიანის ცემის ფაქტს, მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს და აცხადებს, რომ დაზიანება მას მხოლოდ იმის გამო მიაყენეს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაზე თქვა უარი.