ზუგდიდში ოთხი სოფლის დამაკავშირებელი გზის განათებას ითხოვენ

295

ურთის გადასახვევთან, ოთხი სოფლის – ცაიშის, ურთის, ხეცერას და აბასთუმის დამაკავშირებელი გზა, მოსახლეობის არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე არ განათებულა. ადგილობრივების თქმით, დაახლოებით ერთ კილომეტრამდე მონაკვეთზე გადაადგილება ღამის საათებში სახიფათოა და ვერც ბავშვები გამოჰყავთ სასეირნოდ შებინდებისას. ამს შესახებ ლაივპრესი წერს.

ზუგდიდის მცხოვრები, მწერალი და გამომცემელი ზვიად კვარაცხელია, რომელიც ოჯახთან ერთად ცაიშში ისვენებს, ამბობს, რომ მოსახლეობამ მერიას არაერთხელ მიმართა პრობლემის გადაჭრის თხოვნით, პასუხად კი მხოლოდ შეუსრულებელი დაპირებები მიიღეს. მისივე ცნობით, ეს გზა, რაც თავი ახსოვს, არასდროს განათებულა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ოჯახის მიერ ეზოებში დამონტაჟებულ კერძო ლამპიონს.

როგორც “ლაივპრესთან” ზვიად კვარაცხელია აცხადებს, მართალია მისი სახლის წინ მწოლიარე პოლიციელია, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ არის და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად ქუჩის განათება აუცილებელი პირობაა.

“მთელი აგვისტო და სექტემბრის ნახევარი, რაც ჩემს მშობლიურ ცაიშში ვარ ოჯახთან ერთად, ვცდილობ, ადგილობრივი ხელისუფლებისგან – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისგან მივიღო პასუხი, რას აპირებენ, რა გადაწყვიტეს, როდის მოგვარდება ეს პრობლემა. მქონდა ყოველდღიური სატელეფონო კავშირი და მიმოწერა მერის მოვალეობის შემსრულებელთან, მერიის სამსახურების წარმომადგენლებთან. მეტიც, ამის პარალელურად მათი წარმომადგენელი მოსახლეობას შეჰპირდა უახლოეს თვეში პრობლემის მოგვარებას, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგა, ზოგი ზარს არ პასუხობს, ზოგი რაღაც გაუგებარ მიზეზებს ამბობს, ზოგს მისი კომპეტენციის საქმედ არ მიაჩნია ეს და ა. შ. დაუსრულებლად”, – ამბობს ზვიად კვარაცხელია.

მისივე თქმით, ამ დრომდე არავინ მოსულა პრობლემის შესასწავლად. არც ხარჯთაღრიცხვა უწარმოებია ვინმეს იმის დასადგენად, თუ რაა საჭირო ქუჩის გასანათებლად და რა თანხებს მოითხოვს ეს ყველაფერი. ან რა ვადებშია შესაძლებელი პროექტის განხორციელება. მოსახლეობის მოთხოვნაა, მერიამ გამოგზავნოს წარმომადგენლები და ადგილობრივ მცხოვრებლებს მიაწოდონ ყველა ამ კითხვაზე დროული პასუხი.

“ცოტა პარტიული ამბების იქითაც გაიხედეთ, მოსახლეობის პრობლემებიც დაინახეთ დროულად, თორემ მერად, გამგებლად და დეპუტატად სამუდამოდ არავინ დარჩენილა და ამ ქალაქში კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს ერთმანეთის ნახვა”, – მიმართავს ზვიად კვარაცხელია ადგილობრივ ხელისუფლებას.

ზუგდიდის მერიაში “ლაივპრესს” უთხრეს, რომ მოქალაქეთა საჭიროების შესახებ იციან და მის მოგვარებაზეც უკვე დაწყებულია მუშაობა.

“ეს პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება”, – ირწმუნებიან მერიაში.