“ევროპული საქართველოს” ლიდერებმა, აკაკი ბობოხიძემ, გიგა ბოკერიამ და გიგი წერეთელმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის პარტიული სიის ათეული წარადგინეს.
“ევროპულმა საქართველომ” დაამკვიდრა სტანდარტი, რომ სიას ამომრჩეველი ადგენს და არა პარტიის ხელმძღვანელები. ჩვენს გუნდს წარმატებას ვუსურვებ იმ საქმეში, რასაც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება ჰქვია“ – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ სიის ათეულის წარდგენისას.
მისივე თქმით, 2 ოქტომბერს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
„2 ოქტომბერს ვაკეთებთ ასეთ არჩევანს – ვტოვებთ ქვეყანას იმ უძრაობაში, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ 9 წელიწადია შეიყვანა, თუ ვაძლევთ ქვეყანას კვლავ წინსვლის და განვითარების საშუალებას. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ “ევროპული საქართველოს” სიას თბილისის საკრებულოში, წარმოგიდგენთ 35 ადამიანს და ყველამ იცით, რომ ჩვენი სია არის პირობითი, რადგან ის დამოკიდებულია თითოეულ უბანზე და თითოეულ მიცემულ ხმაზე. “ევროპულმა საქართველომ” დაამკვიდრა სტანდარტი, რომ სიას ამომრჩეველი ირჩევს და არა პარტიის ხელმძღვანელობა“, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
„როცა საბჭოთა ტირანია დაემხო, ბევრ ჩვენგანს სურვილი გვქონდა, რომ სწრაფად გაგვეღწია ამ ჭაობიდან იმ ნანგრევებისგან, რაც ბოროტების იმპერიისგან დარჩა და ნორმალური თავისუფალი ქვეყანა ვყოფილიყავით, მაგრამ ეს გზა უფრო გრძელი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა და მსურდა. ამ გზაზე არის მომენტები, რომლებიც განსაზღვრავს რა მოხდება შემდეგი ათწლეულების განმავლობაში. დღეს სწორედ ასეთი მომენტია. ჩვენი მოქალაქეების აქტიურობით გადავტეხავთ ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს.
აქ შეკრებილი საზოგადოება არ იბრძვის მხოლოდ საკრებულოს მანდატისთვის, ეს არის ბრძოლა ჩვენი მომავლის გადასარჩენად, ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაკისრია. დღეს ჩვენი იარაღი ივანიშვილის დასამარცხებლად არის საარჩევნო ბიულეტინი და მოვალე ვართ გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ისტორიული შანსი“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ.
„ამ არჩევნებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, როგორ ივლის ჩვენი ქვეყანა მომავალში და რამდენად შევძლებთ ამ რეგრესის შეჩერებას. დღეს თბილისში ჩვენი გუნდის წარდგენა ნამდვილად არის გზავნილი იმისა, რომ სწორედ თბილისი უნდა გახდეს მთავარი ცენტრი ამ ბრძოლისთვის, რომელიც შეაჩერებს რეგრესისა და უნიათობის ტალღას. ეს გუნდი ისეთი ადამიანებითაა დაკომპლექტებული, რომელიც არც ერთ მერს არ მისცემს უნიათობის და კორუფციის უფლებას. მინდა, რომ წარმატება ვისურვო ჩვენს ქალაქს და თბილისის გუნდს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს მდივანმა გიგი წერეთელმა.
თბილისში “ევროპული საქართველოს” სიის ათეული ასე გამოიყურება:
1.გიორგი ნონიაშვილი
2.დათო ჟღენტი
3.ნინო ორდენიძე
4.ბესიკ დონაძე
5.ლაშა ჯანჯღავა
6.თეა კოტუა
7.გიორგი ბახტაძე
8.ალექსანდრე გურაბანიძე
9.მალორიტა ედიშერაშვილი
10.თემურ გვაძბაია