ცესკო-ში აცხადებენ, რომ „სისხლიან ბანერებთან“ დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია

289

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თბილისში, 17 სექტემბერს განთავსებულ საარჩევნო ბანერებთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა განაცხადა.

როგორც სანტურიანი განმარტავს, გადაწყვეტილება 10-დღიან ვადაში იქნება მიღებული.

„საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილია ორი საჩივარი, რომელიც ეხება 17 სექტემბერს, თბილისის ქუჩებში განთავსებულ ბანერებთან დაკავშირებული საკითხის შესწავლას. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უკვე დაიწყო მოკვლევა და კანონით გათვალისწინებულ 10-დღიან ვადაში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, – განაცხადა სანტურიანმა.

სიძულვილის ენის შემცველი ბანერები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში – ბათუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, გორისა და თელავის ქუჩებში რამდენიმე დღეა, გამოჩნდა.

“არა ნაცებს”, არა ბოროტებას, არა ღალატს”, – ამ წარწერით წინასაარჩევნოდ ახალი ბანერები 17 სექტემბერს, გვიან ღამით გააკრეს. მათზე მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან გამოსახული, ისევ სისხლის შხეფების ფონზე.

წლევანდელ ბანერებს ახალი სახეები დაემატა, მათ შორის ყოფილი პრემიერი გიორგი გახარიაა.

ბანერზე გამოსახულია ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია, დეპუტატი გუბაზ სანიკიძე, ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, მთავარი არხის დირექტორი ნიკა გვარამია, ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია და გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

როგორც ცნობილი გახდა, დედაქალაქში ბანერები ვაქცინაციისაკენ მოწოდების ბანერებს გადააკრეს – აღნიშნულზე განცხადება გამოაქვეყნა დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა. NCDC-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მომხდარს გმობენ.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, ის, რომ ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით შექმნილი სისხლიანი ბანერები ვაქცინაციის კამპანიის ბანერებს გადააკრეს, “სუფთა ტექნიკური მხარეა”.

კომპანია “ალმამ” პოლიტიკურ სარეკლამო ბანერებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ კომპანიას შინაარსთან და დიზაინთან შეხება არ აქვს და მათი როლი მხოლოდ კუთვნილ სარეკლამო ბილბორდებზე დამკვეთისგან, სარეკლამო ბანერის განთავსებაა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში “სისხლიან” ბანერებთან დაკავშირებით საჩივარი პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შეიტანა.