პარტია “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში “სისხლიან” ბანერებთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა.
“კამპანიაში აბსოლუტურად ყველა სააგიტაციო მასალას უნდა ჰქონდეს მითითებული ავტორი, ტირაჟი და ა.შ. ეს ყველაფერი მითითებული არ არის. კეთილი ინებონ და ფორმალურად მაინც კანონი შეასრულონ, ან აღიარონ რომ მათია და მიაწერონ ამ ყველაფერს. ჩვენ არანაირი ილუზია არ გვაქვს, რომ ან ცესკო სამართლიანად მოიქცევა და ან ქართული ოცნება რამეს გადაიფიქრებს”, — თქვა ელენე ხოშტარიამ.
ელენე ხოშტარიას თქმით, ქართული ოცნება ბანერების შინაარსს იზიარებს, მაგრამ არ ამბობენ, რომ ეს მათი დამზადებულია.
“ეს არის კონკრეტული კანონდარღვევა და ასევე ამ კანონდარღვევის გარდა ეს არის მცდელობა, რომ ამოეფარონ ვიღაცას. თან ამბობენ რომ მათია, რადგან ხაზს უსვამენ ამ სიძულვილის შინაარსს, რაც შიგნითაა, თან ტექნიკურად ამ ყველაფერს არ მიუთითებენ, რადგან კალაძეს მაგალითად დაუტოვონ სივრცე, თითქოს ძალიან კეთილია და ის არ არსის ამ ყველაფრის ავტორი”, — ამბობს ხოშტარია.
17 სექტემბერს, თბილისში გვიან ღამით ბანერი წარწერით “არა ნაცებს, არა ბოროტებას” ისევ გამოჩნდა, თუმცა. ამჯერად გიორგი გახარიას ფოტო დაამატეს, წარწერას კი “არა ღალატს”. დედაქალაქის შემდეგ ბანერი წარწერით “არა ნაცებს, არა ბოროტებას” საქართველოს სხვა ქალაქებშიც გააკრეს.
ბანერზე გამოსახული არიან ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარლამენტის წევრი, გუბაზ სანიკიძე, ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე, გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია.
წარწერა: “არა ნაცებს, არა ბოროტებას” თბილისში პირველად 2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოჩნდა. მაშინ სარეკლამო ბილბორდზე ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი ლიდერების ფოტოები იყო გამოსახული, წარწერაზე კი სისხლი ჩანდა. ამ თემაზე საუბრისას ქართულ ოცნებაში ამბობდნენ, რომ ბილბორდი მათი დაკვეთით არ გაკეთებულა და კერძო ინიციატივაა, თუმცა ამის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ.