საია მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს

429

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს. საიამ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ მოთხოვნით უკვე სახელით მიმართა.

ორგანიზაციის განცხადებით, მცირერიცხოვან ოლქებში ამომრჩეველთა საარჩევნო ხმის წონა მრავალრიცხოვან ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ხმის წონასთან შედარებით მცირეა.

“გასაჩივრებული ნორმების მიხედვით, მცირერიცხოვან ოლქებში ამომრჩეველთა ხმას მრავალრიცხოვან ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთან შედარებით მაღალი წონა გააჩნია. მაგალითად, ამომრჩეველი როგორც მთაწმინდიდან, ისე საბურთალოდან თბილისის საკრებულოში ირჩევს ერთ დეპუტატს. საბურთალოში რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა შეადგენს 134582-ს, ხოლო მთაწმინდაზე — 53884-ს. ვინაიდან საბურთალოზე მაცხოვრებელი ამომრჩევლების რაოდენობა 2,5 ჯერ აღემატება მთაწმინდაზე რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობას, საბურთალოს რაიონში რეგისტრირებული ამომრჩევლის საარჩევნო ხმის წონა 2.5 ჯერ მცირდება მთაწმინდაზე რეგისტრირებული ამომრჩევლის ხმის წონასთან შედარებით”, — ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

მათივე ცნობით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2015 წელს, არაკონსტიტუციურად მიიჩნია საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ოლქების საზღვრებს განსაზღვრავდა ისე, რომ ამომრჩეველთა საარჩევნო ხმის თანაბარი წონის პრინციპი ირღვეოდა.

საიაში აცხადებენ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკით, “საარჩევნო უფლების განხორციელების უპირველესი მიზანი და საფუძველია მოქალაქეთა ნების ასახვა არჩევნების საბოლოო შედეგებზე”. შესაბამისად, ამ უფლების მნიშვნელოვანი კომპონენტია ამომრჩევლების შესაძლებლობა, გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგზე.

ორგანიზაციის განცხადებით, საარჩევნო ხმის წონის დაკარგვა ამომრჩეველს აქტიური საარჩევნო უფლების ეფექტიანად განხორციელების უფლებას ართმევს. ამის საპირისპიროდ კი, იზრდება იმ ამომრჩევლების მიერ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, ვისი ხმის “წონაც” გაზრდილია”.

საიას შეფასებით, ასეთი საარჩევნო სისტემა მოქალაქეებს არათანასწორ შესაძლებლობებს ანიჭებს და კონსტიტუციის შესაბამისი არჩევნების ჩატარებასა და ამომრჩევლების ნების ადეკვატურად ასახვას არჩევნების საბოლოო შედეგებზე ვერ უზრუნველყოფს, რაც, დემოკრატიული მმართველობის პრინციპის საწინააღმდეგოა.

“წარდგენილი სარჩელით, საია ასაბუთებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების საზღვრები არღვევს ხმის თანაბარი წონის პრინციპს, რის გამოც გასაჩივრებული ნორმები არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს საარჩევნო და თანასწორობის უფლებებთან მიმართებით”, — აცხადებენ ისინი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.