როგორ განმარტავს ცესკო ამომრჩეველთა სიებში, სავარაუდოდ, გარდაცვლილი პირების რეგისტრაციას

573

წინა სტატია

ცენტრალური საარჩევნო კომისია ბოლო დროს ამომრჩეველთა ერთიან სიებში გარდაცვლილი პირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს ეხმიანება და განმარტებებს აკეთებს. კერძოდ, ცესკოს პრესსპიკერი სამოქალაქო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩეველთა სიაში არსებული გარდაცვლილი პირების შესახებ ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებული ინფორმაციებისა და სქრინების, ამასთანავე ერთ-ერთ სიუჟეტში მოხსენიებული 14 გარდაცვლილი ადამიანის შესახებ საუბრობს.

ნათია იოსელიანის თქმით, სამოქალაქო საარჩევნო კომისიის მიერ დასახელებული 37 გარდაცვლილი პირიდან, 8 ცოცხალია, 16 მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი არ დასტურდება, ვინაიდან ნაწილი წლების წინ საზღვარგარეთ წავიდა, ნაწილი კი ფიქსირდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, იოსელიანი ამბობს, რომ 12 მოქალაქეზე ასევე არ არსებობდა ოფიციალური შეტყობინება გარდაცვალების თაობაზე, ხოლო 1 მოქალაქე 31 აგვისტოს გარდაიცვალა და ამიტომაც იქნებოდა 10 აგვისტოს მდგომარეობით განახლებულ ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

“სიუჟეტში მოხსენიებული 14 ადამიანიდან, 4 მოქალაქე ცოცხალია, 3 მოქალაქე წლების წინ საზღვარგარეთ გადავიდა საცხოვრებლად, 2 მოქალაქის თაობაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში არც უფლებამოსილი უწყებიდან და არც ოჯახის წევრებისგან არ იყო დაფიქსირებული შეტყობინება გარდაცვალების თაობაზე, ხოლო 5 მოქალაქე არ არის ამომრჩეველთა ერთიან სიაში და უცნობია, რომელი სიით ხელმძღვანელობდა ჟურნალისტი სიუჟეტის მომზადებისას”, — აცხადებს ცესკოს პრესპიკერი.

ამასთან, ცესკო ეხმაურება 16 სექტემბერს ლელოს წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც 2018 წელს რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლები, კვლავ ფიქსირდებიან კონკრეტულ მისამართებზე.

იოსელიანის განცხადებით, მოქალაქე, რომელიც მოხსნილია რეგისტრაციიდან ძველი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ამომრჩეველთა ერთიან სიაში შედის ბოლო საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

“15 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გადმოცემული სიის მონაცემებით, რომლის მიხედვითაც საბოლოო სიის ფორმირება ამ ეტაპზეც მიმდინარეობს, დგინდება, რომ ლელოს წარმომადგენლის მიერ დასახელებული სამი პირიდან, ერთის ბოლო რეგისტრაციის მისამართი იგივეა, ორი კი უკვე ახალ მისამართზეა რეგისტრირებული”, — განმარტავს იოსელიანი.

ცესკოს პრესსპიკერმა საზოგადოებას მოუწოდა, ნუ გაავრცელებენ ცრუ ინფორმაციას და ნუ გახდებიან სხვების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანის ინიციატორები.

13 სექტემბერს სამოქალაქო საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ 25 მუნიციპალიტეტში 1930 წლამდე დაბადებული 1311 გარდაცვლილი პირიდან 683 საარჩევნო სიაში ფიქსირდება. მათი თქმით, ასეთი საგანგაშო მაჩვენებელი მიუთითებს არჩევნების პოტენციური გაყალბების მასშტაბზე და მოუწოდეს საარჩევნო კომისიას, დროულად იმოქმედოს საარჩევნო სიების შესასწორებლად, ხოლო არჩევნებში ჩართული ყველა აქტორი, დაინტერესდეს ამ საკითხით.