რუსთავში მეგობრობის გამზირის განახლების პირველი ეტაპის დასრულებისას მხოლოდ 3 კორპუსი იქნება რეაბილიტირებული

572

მეგობრობის გამზირის განახლების პირველი ეტაპის დასრულებისას მხოლოდ 3 კორპუსი იქნება რეაბილიტირებული, – ამის შესახებ ინფორმაცია TV4-ს კომპანია “საბა კონსტრაქშენმა” დაუდასტურა. ამდროისთვის საცხოვრებელ კორპუსებზე კომპოზიტური პანელებისა და ძველი ფანჯრების ახლით ჩანაცვლება მიმდინარეობს.

როგორც შემსრულებელ კომპანიაში აცხადებენ, მეგობრობის გამზირის პროექტში მათ მხოლოდ 10 საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია ევალებათ.

ცენტრალური ქუჩის განახლება ორი ეტაპისგან შედგება და პირველი ეტაპი სექტემბრის ბოლოს დასრულდება. “საბა კონსტრაქშენის” პროექტების მენეჯერის ინფორმაციით, საბოლოო სახე სექტემბრის ბოლოს მხოლოდ N45, 46 და 47 საცხოვრებელ კორპუსებს ექნებათ.

ინფორმაციისთვის, მეგობრობის გამზირის რეაბილიტაცია სახელმწიფო პროგრამის “განახლებული რეგიონებისა“ და მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქში ერთ-ერთი უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობის დეტალებზე საუბრისგან  რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია თავს იკავებს.