გაერთიანებული ოპოზიცია ბათუმში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქციას მართავს. მაჟორიტარობის კანდიდატები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები რეგიონში სუს-ის შენობასთან პლაკატებით მივიდნენ “ ნუ ისუსები”, “აბა გისმენ”. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ოპოზიციის განცხადებით, კომედიურ ქვეყანაში ვცხოვრობთ სადაც ყველას უსმენენ ეკლესიას, სახელმწიფო მოხელეებს, თვით ბიძინა ივანიშვილსაც კი.
მათივე განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნების მთავარი ამოცანაა დასრულდეს ის საშინელება ქვეყანაში რაც ხდება.
“კომედიური ქვეყანა ვართ. ყველას უსმენენ ეკლესიას, სახელმწიფო მოხელეებს და თქვენ წარმოიდგინეთ ბიძინა ივანიშვილსაც. ეს ტოტალური მოსმენები უნდა დასრულდეს. მინდა მივმართო, სრულიად საქართველოს გულს მოუსმინეთ და ნუ შეგეშინდებათ სუს-ის მოსმენებით, იმიტომ, რომ 3 ოქტომბრიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური როგორც მახინჯი წარმონაქმნი, კგბ-ს გადმონაშთი საქართველოში დაიმსხვრევა და თქვენს სატკივარს მოუსმენს ხელისუფლება და გაითვალისწინებს მას. ეს სიმბოლური აქტი იყო დღეს, რადგან სუს-ი გვისმენს და ამას უკვე სერიოზულად ვეღარ აღვიქვამთ, რადგან ფარსად და ცირკად აქციეს ჩვენი ცხოვრება,”- განაცხადა გენრი დოლიძემ.