„არსებობს ბათუმის აეროპორტის გადატანის მოსაზრება” – ქალაქის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი

382
ბათუმი

ბათუმის გენგეგმაზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტში“ არ გამორიცხავენ, რომ ბათუმის გენგეგმაზე მუშაობისას ბათუმის აეროპორტის გადატანის საკითხიც დადგეს. როგორც კომპანიის დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, აეროპორტთან დაკავშირებით სხვადასხვა მხარისგან არსებობს რიგი მოსაზრებები, რომელთაგან ერთ-ერთი მისი გადატანაა.

„ისტორიული ქალაქის ტერიტორიაზე ახლაც კი ე.წ. უკანონო მშენებლობებზეა საუბარი, სრულიად გაუგებარია ეს როგორ ხდება, თუმცა, ამგვარი ფაქტები არის და ამის შესწავალსაც დავიწყებთ. ბულვართან დაკავშირებით არსებულ საზღვრებსაც შევისწავლით და დავაზუსტებთ. არის ასევე სხვადასხვა ობიექტი, იგივე აეროპორტის თემა ძალიან საინტერესოა, მისი ყოფნა-არყოფნის, გადატანის საკითხები, არსებობს რიგი მოსაზრებები სხვადასხვა მხარისგან.

არსებულ მოსაზრებებს საფუძვლიანად შეისწავლის “სითი ინსტიტუტი” საქართველო სერვის პროვაიდერთან ერთად და კვლევებისა და პოზიციების საფუძველზე შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს. ასევე ნაგავსაყრელთან, რკინიგზის ქსელთან დაკავშირებით არის ბათუში პრობლემები, მოკლედ არის მთელი რიგი საკითხები, რომელსაც უნდა საკმაოდ დაზუსტებული კვლევა და შესწავლა,“ – განმარტა სალუქვაძემ.

აღსანიშნავია, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანია TAV Georgia-მ სწორედ წელს დაასრულა ბათუმის აეროპორტის გაფართოება, რაშიც 17 მილიონი დოლარი დახარჯა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მარტში დასრულდა, განახლებული სივრცე გაიხსნა და მისი გამტარუნარიანობა გაორმაგდა, შედეგად, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრის მომსახურებას შეძლებს.