ქედის სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტის დასანიშნად პეტიცია მომზადდა

405

ინგა ბალაძე წითელი ჯვრის ქედის ოფისში მუშაობს.  სამსახურში მისასვლელად ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრს ფეხით გადის. ამბობს, რომ სოფლებში ტრანსპორტის არარსებობა მოსახლეობას დისკომფორტს არა მარტო საოჯახო საქმეებისთვის უქმნის. ადგილობრივებს ხელი საზოგადოებრივ საქმიანობაშიც ეშლებათ და რთული ყოფა კიდევ უფრო მეტად ურთულდებათ. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.

პრობლემა რომ გადაეჭრა მან თანამოაზრეებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართა. ერთობლივი პეტიცია შეაგროვეს და საინიციატივო ჯგუფის სახელით ქედის საკრებულოს მიმართეს. ითხოვენ, მუნიციპალური მარშრუტი იმ სოფლებში დაინიშნოს, რომლებიც ქედის ცენტრიდან კილომტრობითაა დაშორებული.

ეს ოფიციალური მოთხოვნა, შეიძლება ითქვას, მუნიციპალიტეტისთვის პრეცედენტულია, რადგან პირველად ითხოვენ მერიისგან ისეთი პრობლემის გადაჭრას, რომელიც არა ერთი ან ორი ადამიანის თუ ოჯახის ინტერესს ატარებს, არამედ მთელი მუნიციპალიტეტის ინტერესში შედის. პეტიციის ავტორების დათვლებით, მოთხოვნის დაკმაყოფილებას, 80 ათასი ლარი სჭირდება.

ქედის საკრებულომ, პეტიცია ზე უკვე იმსჯელა და შემდომი რეაგირებისთვის, დოკუმენტი მერიასაც უკვე გადაუგზავნა. აქ ამბობენ, რომ ბოლო მოწვევის საკრებულომ, კიდევ სამი ელექტრონული პეტიცია მიიღო და ყველა დადებითად გადაწყდა.

ხარჯები, უკვე დაუთვლიათ ქედის მერიაშიც და ახლა პეტიციის ბედი მთლიანად საკრებულოზე აქვთ მინდობილი. ამბობენ, რომ თუ მხარდაჭერას მიიღებს, მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

ქედის მუნიციპალიტეტში არის ისეთი სოფლებიც, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი სოფლიდან დილით ადრე გადიან და უკან გვიან საღამომდე არ ბრუნდებიან. მოსახლეობა განრიგის დარეგულირებასაც ითხოვს.

ქედის ჯერ კიდევ მოქმედ საკრებულოს მოსახლეობამ პეტიციით დაბაში ვახტანგ პაპუნიძის ბიუსტის განთავსება, ზვარეს თემის ადმინისტრაციულ ცენტრში სკვერის მოწყობა და  ქედის სპორტსკოლის დარბაზისთვის გურამ ჯიჯავაძის სახელის მინიჭება მოსთხოვა.