დაბა ხარაგაულში წყლისა და წყალარინების ახალი სისტემები ეწყობა

593

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, წყალმომარაგების კომპანია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტაბილური წყალმომარაგებისა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურისთვის სისტემების მშენებლობას აქტიურად აგრძელებს. ინფორმაციას წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

მათი ცნობით, ორივე პროექტის განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარამდე თანხა გამოიყო.

„აღნიშნული პროექტების ფარგლებში, როგორც წყალმომარაგების, ისე წყალარინების კუთხით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი უკვე შესრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამი ახალი ჭაბურღილის, სათავე ნაგებობისა და სატუმბო სადგურის მშენებლობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე წყლის სათავე ნაგებობას.

გარდა ამისა, მოეწყობა წყალმომარაგების სრულიად ახალი ქსელები, მაგისტრალები და რეზერვუარი. სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია კორპუსების შიდა გაყვანილობების მოწყობა და მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

დღეის მდგომარეობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო, მოსახლეობას წყალი დღეში მხოლოდ 5 საათის განმავლობაში მიეწოდება. დაბაში არ არსებობს წყალარინების ცენტრალიზებული სისტემა.

სამუშაოების შედეგად სრულად ხარაგაულის მოსახლოება, 4 000-მდე ადამიანი 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.