პროექტ „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში დაბა ხარაგაულში არსებული უსახური და ფუნქცია დაკარგული შენობების გარე ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
რამდენიმე შენობა უკვე ხარაჩოებშია ჩასმული.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, ზურაბ ბანცაძის თქმით, პირველ ეტაპზე რკინიგზის სადგურის ხიდიდან კინოთეატრამდე არსებული უსახური შენობების ფასადები შეკეთდება. სამშენებლო ბრიგადები სამუშაოებს უკვე აწარმოებენ.
„ეს პროექტი სამომავლოდაც გაგრძელდება და იმ შენობების გარე ფასადების რეაბილიტაციაც მოხდება, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ კეთდება.
შესასწავლია, კონსტრუქციულად რამდენად მდგრადია უნივერმაღის ყოფილი შენობა. ამის შემდეგ, მეორე ეტაპისთვის, მისი რეაბილიტაციაც დაიწყება“, – ამბობს ზურაბ ბანცაძე.
სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები“ 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.
პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.