პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან მერაბ კვიცარიძესთან და პარტიის სხვა წევრებთან ერთად ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა.
როგორც მერობის კანდიდატმა აღნიშნა, წელს ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტი უპრეცედენტოდ დიდია და 91 მლნ ლარს შეადგენს, საიდანაც 25 მლნ ლარი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე იხარჯება.
მისი თქმით, ქალაქისთვის საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გასულ წელს მერად არჩევის დღიდან დაიწყო და მასშტაბური პროექტების განხორციელების რეალურ პერსპექტივას, მერად ხელახალი არჩევის შემთხვევაში ხედავს.
„მე ავასრულე პირობა, რომელიც გასულ წელს წინასაარჩევნოდ დავდე, რომ ახალ მუნიციპალური ტრანსპორტს შემოვიყვანდით. ქუთაისში 60 ახალი ავტობუსი შემოვიყვანეთ, რომლითაც ქუთაისელების კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობაა უზრუნველყოფილი”,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
მისი თქმით, მერად ხელახალი არჩევის შემთხვევაში, საქალაქო ტრანსპორტის ტარიფი შენარჩუნდება, განახევრებული ტარიფებით ისარგებლებენ მრავალშვილიანი ოჯახები, სტუდენტები, სკოლისა და ბაგა-ბაღების პედაგოგები, ხოლო უფასოდ იმგზავრებენ სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა ოჯახის წევრები, ვეტერანები და სოციალურად დაუცველი ადამიანები.
„ჩვენ ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში არაერთი რეკრეაციული ზონა მოვაწყვეთ, მოვაწესრიგეთ შიდა ეზოები და სკვერები. ადმინისტრაციულ ერთეულში განთავსდა ბავშვთა ატრაქციონები და სატრენაჟორო მოწყობილობები, რომელთა ინფრასტრუქტურა სრულად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს”, – აღნიშნა იოსებ ხახალეიშვილმა.
მერობის კანდიდატის თქმით, ადგილობრივი თვითთმმართველობის საქმიანობის პროცესში მოქალაქეების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია იმ გამოწვევების იდენტიფიცირებისთვის, რომელიც დროულ რეაგირებას საჭიროებს.
„ჩვენ ერთად შევძლებთ ქუთაისი ვაქციოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ქალაქად, რომელიც არც წარსულ ტრადიციებს ივიწყებს”, – მიმართა იოსებ ხახალეიშვილმა მოსახლეობას.