ანა დოლიძემ ამომრჩეველს მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა

258

მთაწმინდაზე, სულხან-საბა ორბელიანის სკვერში პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ინიციატივით“ თვითშემოქმედი მთაწმინდელების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. პარალელურად პარტიის ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ ამომრჩევლებს მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო ქოქოსაძე წარუდგინა.

“დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის ის, რომ მთაწმინდელები ერთმანეთს შეხვდნენ, გაუზიარონ თავისი თვითშემოქმედება და რაც მთავარია, კარგი ხასიათი. ღია სივრცეში, ყველა რეგულაციის დაცვით, ჩვენ შევხვდით ამომრჩეველს, მთაწმინდელებმა ერთმანეთს აჩვენეს თავიანთი თვითშემოქმედება. აქ არის ყველა ასაკის ხალხი, როგორც ახალგაზრდები, ასევე პენსიონერები. მინდა ჩვენ ამომრჩეველს მივცე ჩვენი გუნდის გზავნილი – ჩვენ ვართ ახალი ძალა, რომლებიც ვიბრძოლებთ თქვენი ინტერესებისათვის, ჩვენ ვართ გუნდი ხალხისათვის და ჩვენი კრედო არის სუფთა, კომპეტენტური, მებრძოლი ადამიანები საკრებულოებში,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნინო ქოქოსაძემ ამომრჩეველს 10 ნაბიჯი გააცნო, რომლის განხორციელებასაც არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდება.

„მაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი ამომრჩეველი აგვირჩევს და 2 ოქტომბერს შემოხაზავს 48-ს. რადგან ჩვენ ყოველთვის ვზრუნავდით და ვიზრუნებთ ხალხზე, თითოეულ ადამიანზე. მე პირადად მაქვს შემუშავებული სერიოზული პროექტი ახალგაზრდობის დასაქმების და პენსიონერების ჩართულობის ტურისტულ ბიზნესში. ჩემი გზავნილი მთაწმინდელებისადმი არის ის, რომ ჩვენი გუნდით განვახორციელებთ ხალხისთვის ყველა იმ დაპირებას, რაც პროგრამაში გვაქვს წარმოდგენილი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მთაწმინდა განვითარდეს, რომ მოხდეს როგორც ახალგაზრდების, ასევე პენსიონერების ინტეგრირება. მთაწმინდას არ აქვს სკვერები, არ აქვს სუფთა ჰაერი, პარკინგი, ინფრასტრუქტურა და ამაზე საჭიროა ზრუნვა,“ – აღნიშნა ნინო ქოქოსაძემ.