„ანა დოლიძე – ხალხისთვის“ მხარდამჭერებმა აქცია-პერფორმანსი ლოზუნგით: „აღიარეთ ქალები პოლიტიკაში – მე ვიბრძვი – შემომიერთდი“ გამართეს

607

პარტია „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა თბილისის საკრებულოს წინ აქცია-პერფორმანსი ლოზუნგით: „აღიარეთ ქალები პოლიტიკაში – მე ვიბრძვი – შემომიერთდი“ გამართეს.

მათ ხელში ბანერები წარწერით – ,,მაიგნორებ, არ მიმჩნევ, მჩაგრავ, მაბრმავებ“, და ა.შ. ეჭირათ. პარტიის ლიდერის ანა დოლიძის განცხადებით, მიმდინარეობს პოლიტიკური სივრციდან ქალების გარიყვის ტენდენცია და პოლიტიკურმა სპექტრმა ქალების პოლიტიკაში მონაწილეობას პატივი უნდა სცეს.

,,ქვეყანაში, სადაც ამომრჩევლის უმრავლესობა ქალია, დღეს ძალიან კარგად ჩანს ქალების პოლიტიკიდან გარიყვის მცდელობა, ხან დებატებში არ გვეძახიან, ხან გვეუბნებიან ცალკე იდებატეთო და ჩვენს ნაცვლად საუბრობენ მამაკაცი პოლიტიკოსები. ყველაფერი ეს არის მცდელობა ქალები კიდევ უფრო გარიყონ ქართული პოლიტიკიდან. პერფორმანსი „არ მიმჩნევ“ არის ამის აღსანიშნავი, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური სივრციდან ქალების გარიყვის ტენდენცია. ამ ქვეყანაში არის უძველესი ტრადიციები ქალების მმართველობის და ამომრჩეველთა უმრავლესობა არის ქალი, კეთილი ინებოს პოლიტიკურმა სპექტრმა და ქალების პოლიტიკაში მონაწილეობას პატივი სცეს“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

პარტიის გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატის ირაკლი თედორაძის განცხადებით, აღნიშნული პერფორმანსით სურთ საზოგადოებას გაუგზავნონ მესიჯი, რომ „ქალი არ არის სუსტი და ძალადობენ მხოლოდ სუსტები“.

,,ქალბატონებს არ აქვთ შესაძლებლობა თანასწორუფლებიანად ჩაერთონ პოლიტიკაში, ხშირია მათ მიმართ ძალადობა სხვადასხვა ხერხით, იქნება ეს არშემჩნევა, იგნორირება, პირდაპირი ზეწოლა თუ სხვა. გვსურს მკაფიოდ და ნათლად საზოგადოებას გავუგზავნოთ მესიჯი, რომ ქალი არ არის სუსტი და ძალადობენ მხოლოდ სუსტები“, – განაცხადა ირაკლი თედორაძემ.