ახალციხეში “ლელოს” პროპორციულ სიას რეგისტრაცია გაუუქმდა

395

წინა სტატია

ახალციხეში „ლელოს“ პროპორციული სია ერთდროულად 4–მა კანდიდატმა დატოვა. არასაკმარისი რაოდენობის გამო, პარტიამ საოლქო საარჩევნო კომისიაში, პროპორციული სია ვერ დაარეგისტრირა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. 

„ლელოს“ 4 კანდიდატს გაუუქმდა რეგისტრაცია, ამის საფუძველზე პარტიული სია ჩამოსცდა დადგენილ მინიმალურ რაოდენობას და პარტიულ სიასაც გაუუქმდა რეგისტრაცია,“ – გვითხრა N37 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თეა გავაშელმა.

აღნიშნულ საკითხზე N37 საოლქო საარჩევნო კომისიამ გუშინ, 7 სექტემბერს იმსჯელა.

პარტიიდან წევრების წასვლასთან დაკავშირებით საუბარი არ სურს, ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ჯუმბერ ინასარიძეს. იგი არც იმ პირებს ასახელებს, რომლებმაც კანდიდატურა მოხსნეს:

„არ მინდა ამ ხალხის დარტყმის ქვეშ დაყენება და ვერ გეტყვით ვინაობას, რადგან ეშინიათ და მოხსნეს კანდიდატურა,“ – გვითხრა ჯუმბერ ინასარიძემ.

2 ოქტომბრის არჩევნებზე ლელოს მერობის კანდიდატი მანუჩარ ჩაჩანიძეა, გარდა ამისა პარტიას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც ეყოლება.