მარნეულის მერობისთვის ახმედ იმამყულიევი მეოთხედ იბრძოლებს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის იმამყულიევი მერობის კანდიდატად პარტია „ევროპულმა საქართველომ“ დაასახელა. მისი პოლიტიკური კარიერა 2014 წელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაიწყო, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიის კანდიდატი გახდა. 2017 წელს იმამკულიევი „ევროპული საქართველოს“ წევრია და დღემდე მარნეულის რაიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.
იმამყულიევი გამარჯვების შემთხვევაში მარნეულელებს კარგ მენეჯერობას, პრობლემების ძიებას და მათი გადაჭრის გზებს ჰპირდება. ამბობს, რომ მისი მიზანი ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა.
„მე ვარ ის ადამიანი, რომელიც 2014 წლიდან ოპოზიციაში იბრძვის იმისთვის, რომ მოსახლეობის პრობლემები მოგვარდეს. მე ვიქნები ის მერი, რომელიც მოემსახურება მარნეულელებს და არა თავის ნათესავებს. არ იქნება ნეპოტიზმი მარნეულში. მარნეულში აღდგება განათლებული, ნიჭიერი ადამიანების მოგროვება მუნიციპალიტეტში და ამით, ერთად შევცვლით ჩვენი საქართველოს წინსვლას“
ახმედ იმამყულიევი გამოცემასთან საუბარში მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებს პრიორიტეტებად არ ყოფს, ამბობს, რომ ყველა მნიშვნელოვანია, რომელთა მოგვარებას მარნეულელებს ჰპირდება.
„ყველა ის პრობლემა, რაც 2014 წლიდან იყო დღესაც არსებობს. მე პოლიტიკაში რომ მოვედი 2014 წელს, მაშინაც ვამბობდით, რომ არის სასემელი წყლის, გზის, სპორტის განვითარების, საბავშვო ბაღების, საგანმანათლებლო დაწესებულებების პრობლემა. ანუ, რაც იყო 2014-ში დღესაც მოუგვარებელია. ვფიქრობ, რომ ჩვენი პრობლემა პირველ რიგში არის პოლიტიკოსებს, თანამდებობის პირებისა და მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენა. მე პირველ რიგში ამას აღვადგენდი. იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდება მენეჯერი, როგორც მერი, რომელიც მოუსმენს ყველა პრობლემას და გადაჭრის გზებსაც შესთავაზებს – მე ვიქნები მენეჯერი მერი“
პარტია „ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატი მისი მერად არჩევის შემთხვევაში ადგილობრივებს ისეთი სერვისის შექმნას ჰპირდება, რომლის დახმარებითაც ეთნიკური უმცირესობები ინფორმაციას მათთვის გასაგებ ენაზე მიიღებენ.
„მათ ექნებათ შესაძლებლობა რომ შეიტანონ მათთვის გასაგებ ენაზე განცხადება, ამას გადათარგმნიდნენ იმ სივრცეში მომუშავე პიროვნებები და შემდეგ, როცა პასუხი გაეცემოდა მას სახელმწიფო ენაზე, რადგან თქვენ იცით, რომ საქმისწარმოება სახელმწიფო ენაზე უნდა იყოს, პასუხის გაცემის დროს მოქალაქეებს პასუხს მათთვის გასაგებ ენაზე სწორედ ის პირები გადაუთარგმნიან, ვინც ამ სივრცეში იქნებიან დასაქმებული“.
2014 წლამდე იმამკულიევი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობდა. 2002-2004 წლებში იყო მარნეულის რაიონული გამგეობის ადგილობრივი მოსაკრებლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი, ხოლო 2010-2011 წლებში მუშაობდა მარნეულის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურში.
აღსანიშნავია, რომ რადიო „მარნეულს“ ინტერვიუს ჩაწერის მცდელობა აქვს უკვე რამდენიმე დღეა მმართველი გუნდის კანდიდატთანაც, თუმცა ქენან ომაროვი გამოცემას ამ დრომდე არ პასუხობს.