„ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ზუგდიდის პირველი მაჟორიტარულ ოლქში, ბათლომე შელია ხელისუფლებას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. ინფორმაციას რადიო ათინათი ავრცელებს.
შელიას განმარტებით, მის წინააღმდეგ გასული წლის აპრილში დაწყებული სისხლის სამართლის საქმე განაახლეს და სასამართლო მოსმენები დაინიშნა. ოპოზიციის კანდიდატი დარწმუნებულია, რომ ეს პროცესები მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება. შელია გასულ წელსაც, გამოძიების დაწყებიდან მალევე ირწმუნებოდა, რომ ეს საქმე მისთვის წინასაარჩევნოდ “დამოკლეს მახვილი” იქნებოდა.
„მათივე კვლევებით დიდი უპირატესობა მაქვს „ქართული ოცნების“ კანდიდატთან შედარებით. სწორედ ამ დროს არჩევნებამდე 20 დღით ადრე ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ჩემზე პოლიტიკური ზეწოლა მოახდინოს ამ საქმით, თუმცა არ გამოუვათ და დარწმუნებული ვარ საზოგადოება ნახავს რა მოხდა იმ დროს“, – აღნიშნა მან.
საქმე ეხება 2020 წლის 7 აპრილს მომხდარ ინციდენტს, რომელშიც ბათლომე შელია, სამოქალაქო აქტივისტი როსტომ ზარანდია და სხვა პირები მონაწილეობდნენ. მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.