გურჯაანის მუნიციპალიტეტის 37-ვე საბავშვო ბაგა- ბაღის ყველა აღსაზრდელი იძულებითი არდადეგების დროს სასურსათო კალათს მიიღებს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
გურჯაანის სკოლამდელი სააღმზრდელი დაწესებულებების გაერთიანების დირექტორის ლელა თევდორაშვილის ინფორმაციით, ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია.
“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაგა- ბაღების მუშაობამ 4 ოქტომბრამდე გადაიწია. ამ პერიოდში, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით გადაწყდა, რომ იძულებითი არდადეგების პერიოდში ჩვენი აღსაზრდელებისთვის გაგვემზადებინა და გადაგვეცა ე.წ. სასურსათო კალათები. ამ ეტაპზე ჩარიცხულ აღსაზრდელთა სიების დაზუსტება მიმდინარეობს. ყველა ის ბავშვი, რომელიც 1 სექტემბრისთვის დარეგისტრირებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ნებისმიერ საბავშვო ბაგა- ბაღში, სასურსათო კალათს მიიღებს.
კალათი განისაზღვრება 10 პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტისგან. თითო კალათის ღირებულება 45-50 ლარი იქნება, ჯამში კი პროდუქტების შესაძენად დაახლოებით 80 000-85 000 ლარი დაიხარჯება. სასურსათო კალათების მომზადების პროცედურები 20 სექტემბრამდე გაგრძელდება, 20 სექტემბრის შემდეგ კი ყველა კოვიდრეგულაციის დაცვით, საბავშვო ბაგა- ბაღებში აღსაზრდელთა მშობლებს შეეძლებათ კუთვნილი პროდუქტის მიღება”,- განაცხადა ლელა თევდორაშვილმა.