მელიქ რაისიანი: ახალქალაქში ენმ–ს წევრებზე ზეწოლა ხორციელდება, პარტიას კანდიდატები ტოვებენ 

375

ენმ–ს მერობის კანდიდატის, მელიქ რაისიანის განცხადებით, ახალქალაქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარტიას ტოვებენ და კანდიდატურებს იხსნიან. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

მისი თქმით, მხარდამჭერებზე ზეწოლას ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი, სამველ მანუკიანი და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები ახორციელებენ. შედეგად პარტია დატოვა ვალოდია ზოპუნიანმა, ცისანა მიქელაძემ და ვალიკო ქოჩოიანმა.

„ჩვენი პარტიის ყველა წევრებზე უშიშროების მხრიდან, ასევე ადმინისტრაციული ორგანოებიდან და „ქართული ოცნების“ შტაბიდან ძალიან დიდი ზეწოლა ხორციელდება. ვალოდია ზოპუნიანმა გუშინ დაწერა ოლქში განცხადება,  ვიდეოც მაქვს ჰასმიკი (მარანგოზიანი, საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე) როგორ უზრდელად ეუბნება „შენ რა კაცი ხარ“. ვალოდიას რძალი ოცნების შტაბში მუშაობდა. აქ საკითხი იცით რაშია?!, ადამიანი აიძულეს, რომ დაეწერა განცხადება.

ცისანა მიქელაძეს სამველ მანუკიანმა დაურეკა და უთხრა, რომ თუ არ მოხსნიდა კანდიდატურას, სამსახურს დაკარგავდა. მანუკიანი შვილით, რძლით, ქალიშვილით ახდენს ზეგავლენას ადამიანებზე. პოლიციის უფროსის შალვა ლომსაძის გეგმაა. იგივე ხდება ნინოწმინდაშიც. უნდათ, რომ არჩევნებში არ მივიღოთ მონაწილეობა“,– აცხადებს იგი.

მელიქ რაისიანმა რედაქციას, პარტიიდან წასული კანდიდატების საკონტაქტო ინფორმაცია არ მიაწოდა და განაცხადა, რომ ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

აღნიშნულ საკითხზე “სამხრეთის კარიბჭე” აგრძელებს მუშაობას და ცდილობს ენმ–ს უკვე ყოფილ წევრებს დაუკავშირდეს. ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა “ქართული ოცნებიდან” ნინოწმინდა–ახალქალაქის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სამველ მანუკიანმაც.

გასული დღეების განმავლობაში, „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების მხრიდან სავარაუდო ზეწოლის ფაქტებზე და გათავისუფლებულ თანამშრომლებზე საუბრობდა პარტია „საქართველოსთვის“ კოორდინატორი სამცხე–ჯავახეთში, ლევან თათოშვილიც. პარტია დატოვა ენმ–ს წარმომადგენელმა ახალციხეში.