როგორია წინასაარჩევნო გარემო ადიგენში

443

ადიგენში 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, მერობის კანდიდატი ორმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაასახელა, საკრებულოში დეპუტატების შეყვანაზე კი ჯამში რვა პარტია იბრძოლებს. მათი ნაწილი უკვე აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო პროცესებში, ნაწილი კი გააქტიურებას ახლო მომავალში გეგმავს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

N38 – ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიაში პროპორციული სიით რვა პარტიაა დარეგისტრირებული, მათგან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ოთხ პარტიას ჰყავს.

ერთ–ერთი პირველი ვინც წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი, გოჩა ქიმაძეა. პარტიას დაბის ცენტრში შტაბიც აქვს გახსნილი და მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებს მართავს. მერობის კანდიდატმა „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტს უთხრა, რომ დეტალებზე და სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ ახლა დრო არ აქვს, კომენტარზე უარი გვითხრეს ადიგენის შტაბშიც.

საარჩევნო კამპანიაში აქტიურადაა ჩართული და მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი მარეხ დათაშვილიც.

„წინასაარჩევნო კამპანია დავიწყეთ, სიებიც დავარეგისტრირეთ. კანდიდატები ორივე სიით გვეყოლება, მაჟორიტარულითაც და პროპორციულითაც. ბანერების ადგილი არ გვაქვს, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დაიკავა. ორი ადგილია სულ და მათი მესაკუთრე „ქართული ოცნების“ გულშემატკივრები არიან და ჩვენ ვინ გაგვაკვრევინებს,“ – ამბობს დავით ოგანეზიანი და ამატებს, რომ  მათი პარტია ვერ ახერხებს ბანერების გაკვრას, რადგან გამოყოფილი ადგილები მმართველი პარტიის კანდიდატმა დაიკავა.

ადიგენის საკრებულოში მოსახვედრად იბრძვის „ლელოც“. პარტიას დაბაში შტაბიც აქვს გახსნილი, კანდიდატები ერთ მაჟორიტარულ ოლქში ეყოლება.

„მერობის კანდიდატი არ გვყავს, რაც შეეხება მაჟორიტარებს, ერთი კანდიდატი გვყავს სოფელ ჭეჭლაში, ვაჟა შავაძე. პარტიულ სიაშიც გვყავს წევრები“, – ამბობს პარტია „ლელოს“ წარმომადგენელი, ბახვა კიკაბიძე.

წინასაარჩევნო კამპანიის და შტაბის გასახსნელად ემზადებიან პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებიც. მათ ადიგენში კანდიდატი ოთხ მაჟორიტარულ ოლქში ეყოლებათ, დაკომპლექტებულია პროპორციული სიაც.

„კანდიდატები გვეყოლება მაჟორიტარულიც და პროპორციულ სიაში. შტაბი გვაქვს, ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. წინასააჩევნო პროცესებში მთელი ცხოვრებაა ჩართული ვარ და  ახლა ხომ არ გავჩერდები,“ – ამბობს პარტიის წარმომადგენელი ადიგენში, გოდერძი კუბლაშვილი.

წინასაარჩევნო კამპანია ამ ეტაპზე დაწყებული არ აქვს „ევროპულ საქართველოს“. პარტიის წარმომადგენელი, მერაბ კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ამჯერად კანდიდატები მათ მხოლოდ პროპორციულ სიაში ეყოლებათ.

„დავით თარხან–მოურავი, ირმა ინაშვილი–საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ადიგენში ეკა შოთაშვილია. მათ არც შტაბი აქვთ და ჯერ არც წინასაარჩევნო კამპანია არ დაუწყიათ:

„შტაბი არ გვაქვს, სიები შევიტანეთ, მხოლოდ პარტიული. მაჟორიტარი არ გვყავს, არც მერობის კანდიდატი. ჯერ სამზადისიც არ დაგვიწყია, მაგრამ მალე დავიწყებთ. ჩვენი პარტია არცერთ მერობის კანდიდატს არ უჭერს მხარს, მე ინდივიდუალურად ჯერ არ გადამიწყვეტია მაგრამ ვფიქრობ ოცნების კანდიდატს“, – ამბობს ეკა შოთაშვილი.

ადიგენის N38 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ჯაბა მაჭარაშვილის განცხადებით, პარტიული სიით ადიგენში კანდიდატები წარადგინა „მესამე ძალამ“ და „საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამაც. დაიწყეს თუ არა კანდიდატებმა საარჩევნო კამპანია ამ ეტაპზე უცნობია.

N38 – ადიგენის საოლქო საარჩევნო ოლქში მერობის კანდიდატებია:

  • „ქართული ოცნება“ – გოჩა ქიმაძე;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – მარეხი დათაშვილი.

ოლქში მაჟორიტარული სია დაარეგისტრირა ოთხმა პარტიამ:

  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 11 მაჟორიტარულ ოლქში;
  • „ქართული ოცნება“ – 11 მაჟორიტარულ ოლქში;
  • „საქართველოსთვის“ – 4 მაჟორიტარულ ოლქში;
  • „ლელო“ – 1 მაჟორიტარულ ოლქში.

პარტიული სია დაარეგისტრირა რვა პარტიამ:

  • „მესამე ძალა“;
  • „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“;
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
  • „დავით თარხან–მოურავი ირმა ინაშვილი–საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“;
  • „ლელო“;
  • „შალვა ნათელაშვილი– საქართველოს ლეიბორისტული პარტია“;
  • „გახარია –საქართველოსთვის“;
  • „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“.