დუშეთის სოფელ ჭართალში სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა

362

სოფელ ჭართალში სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა. მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭართალში ახლადრეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა.

მათივე ცნობთ, აღნიშნული საჯარო სკოლის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა, რომლის დასრულების შედეგად, შენობა ცენტრალური გათბობის სისტემით აღიჭურვა. ასევე, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სველი წერტილები, განახლდა არსებული სპორტული დარბაზი და გაკეთდა მინი-ფეხბურთის სტადიონი.

„ პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ჯამური ღირებულება 295 000 ლარს აღემატება. სოფელი ჭართლის ახლადრეაბილიტირებულ სკოლაში მხარის პირველ პირთან ერთად, ასევე, იმყოფებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბესიკ ბიჩნიგაური, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახაბერ ჩიტაური, მერის წარმომადგენელი ჭართლის ადმინისტრაციულ ერთეულში ზურაბ ჩიტაური, სკოლის მასწავლებლები და სხვა თანამშრომლები”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ აღნიშნა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით არაერთ სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

„ჩვენი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტს ახალგაზრდების განათლებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე ზრუნვა წარმოადგენს.

ამიტომაც, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით უკვე არაერთ სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მათ შორისაა ჭართლის საჯარო სკოლაც. მოხარული ვარ, რომ ჩვენს ახალგაზრდებს სწავლის გაგრძელება გაუმჯობესებულ გარემოში შეეძლებათ და იმედს ვიტოვებ, რომ მოსწავლეები საკლასო ოთახებს მალე დაუბრუნდებიან“ – განაცხადა დავით ნოზაძემ.

როგორც მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, ჭართლის საჯარო სკოლაში ამ დროისათვის 61 მოსწავლე ირიცხება.