ახალციხეში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი 24 წლის ნათია გულიაშვილია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„ვფიქრობ რომ დროა ახალგაზრდებმა ვიაქტიუროთ. ჩვენ ვქმნით მომავალ თაობას, ახალი ხედვებით, განვითარებით. ყოველთვის ნაკლებადაა ამ საკითხებში ქალი ჩართული, ამიტომ გადავწყვიტე მერობაზე დამეყენებინა კანდიდატურა. იმედია ვიქნები ახალგაზრდების და ქალების სტიმული, მინდა აქტიურად ჩაერთოს მომავალი თაობა არჩევნებში, ჩვენი პარტია კი ამაში ყველას თანაბრად უწყობს ხელს. მაქვს ბევრი ახალი იდეები, გეგმები, რომლებსაც გამარჯვების შემთხვევაში განვახორციელებ“, – განაცხადა ნათია გელაშვილმა.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 134-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მერობის კანდიდატად დარეგისტრირება 25 წლიდან ზემოთ მოქალაქეს შეუძლია. ნათია გულიაშვილი 25 წლის, არჩევნების შემდეგ, 13 ნოემბერს ხდება.
დღევანდელი მონაცემებით, ახალციხეში მერობის კანდიდატი შვიდ პარტიას ჰყავს დასახელებული. მათ შორის:
“ქართული ოცნება” – ირაკლი ლაზარაშვილი;
ენმ – დავით ბალიაშვილი;
“ევროპული საქართველო”– ზურა სადათიერაშვილი;
“ლელო” – მანუჩარ ჩაჩანიძე;
“თავისუფალი საქართველო” – მიხეილ კეთილაძე;
“საქართველოსთვის” – გიორგი არველაძე;
„პატრიოტთა ალიანსი“ – ნათია გულიაშვილი.