“პატრიოტთა ალიანსის” ზუგდიდის მერობის კანდიდატი ილია ჩაჩიბაია იქნება

409

“პატრიოტთა ალიანსმა” ზუგდიდის მერობის კანდიდატად ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია დაასახელა. ამის შესახებ ჩაჩიბაია საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს. ის მიიჩნევს, რომ სხვა ქალაქების მსგავსად, ზუგდიდშიც მძიმე სოციალური და პოლიტიკური ვითარებაა, ამ ფონზე კი უმოქმედობა დანაშაულია. ამის შესახებ რადიო ათინათი წერს.

“მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე უნდა დაგიდასტუროთ. პატრიოტთა ალიანსმა ზუგდიდის მერობის კანდიდატად ნამდვილად დამასახელა. აქვე გეტყვით, პატრიოტების საკრებულოს სიაში ძალიან ღირსეული კანდიდატები არიან წარმოდგენილი. თუ არ ვცადეთ, თუ არ ვიბრძოლეთ არაფერი არ შეიცვლება. მე მზად ვარ. სათითაოდ შევალ ყველა ოჯახში (უკვე დავიწყე). ერთი წამით არ გავჩერდები. ყველა ჩემს მეგობარს, ახლობელს, ნაცნობს გთხოვთ მხარდაჭერას”, – წერს ილია ჩაჩიბაია.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მმართველი გუნდიდან მერობის კანდიდატი მამუკა წოწერია, ხოლო ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ანზორ მელია იქნება.