“ენგურჰესის” ტურისტული ცენტრის მოწყობა იწყება – ჰყავს თუ არა პროექტს ინვესტორი

1861

ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიის ტურისტულ ზონად ქცევის პროცესი დაიწო. ამის შესახებ რადიო “ათინათს” შპს “ენგურის ტურისტული ცენტრის” ახლად დანიშნული ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ესაუბრა.

მისივე თქმით, პროექტის რეალიზაცია პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით იწყება და ობიექტი პირველ დამთვალიერებელს წელსვე მიიღებს.

“ეს გულისხმობს იმას, რომ წელსვე შეიძლება გავხსნათ პირველი ტური და ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ისეთ ადგილებში მივიდნენ, რომელიც აქამდე ჩვეულებრივი ვიზიტორებისთვის დახურული იყო. მომზადდება საინფორმაციო ბანერები და სატენდერო დოკუმენტაციები, რომ მომავალი წლის დასაწყისიდანვე გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყოს და ამის პარალელურად მიმდინარეობს პროცესი, რომელიც გულისხმობს ინვესტორების მოძიებას. ეს არის მომგებიანი პროექტი და აუცილებელია აქ სახელმწიფოს გვერდში დადგეს  კერძო ფონდები თუ ბიზნესორგანიზაციები. აქ საუბარია არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოური ინვესტორების მოძიებაზე. აი, ეს პროცესი დაიწყო უკვე და ნელ-ნელა დაიქოქება. ერთ წელიწადში ასევე შეიძლება მოეწყოს ზიპლაინი, ნავებით გასეირნებაც მალე დაიწყება და რაც მთავარია, ვიზიტორებს წელსვე ექნება შესაძლებლობა ორგანიზებულად დაათვალიერონ  უნიკალური საინჟინრო თვისებების მქონე ნაგებობა, გვირაბები, სხვადასხვა ადგილები და ა.შ”, – განმარტავს ანთიძე.