ყვარლის მუნიციპალიტეტში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების გასაცნობად, საჯარო რეესტრის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – ოლეგ თორთლაძე ყვარლის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების რწმუნებულებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე სისტემური რეგისტრაციის პროცესში მოქალაქეების ინფორმირებასა და აზომვით სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო.
ყვარლის მუნიციპალიტეტის 11 ადმინისტრაციულ ერთეულში: შილდაში, ენისელში, საბუეში, გრემში, ქალაქ ყვარელში, კუჭატანში, გავაზში, ჭიკაანში, ახალსოფელში, მთისძირსა და ბალღოჯიანში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ეტაპობრივად აზომავს და დაარეგისტრირებს კერძო, მუნიციპალურ და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას: საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადებას, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზსა და ნაკვეთების დარეგისტრირებას სააგენტო უფასოდ განახორციელებს. მოქალაქეები მარტივად, ყოველგვარი ფინანსური ბარიერის გარეშე დაირეგისტრირებენ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ, საჯარო რეესტრის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი – ოლეგ თორთლაძე და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსი – ლაშა ექიზაშვილი ამზომველების საქმიანობასა და საველე სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე დააკვირდნენ.
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სისტემურ რეგისტრაციას იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის N681 ბრძანებით საგარეჯოს, ყვარლის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ახორციელებს.