გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს, არჩილ ხანდამაშვილს უფლებამოსილება შეუწყდა. ის კენჭს იყრის ვეჯინისა და ძირკოკის მაჟორიტარად. მერის მოვალეობას კი, აუდიტის სამსახურის უფროსი შეასრულებს. ინფორმაციას გურჯაანის მუნიციპლიტეტის ყოფილი მერი არჩილ ხანდამაშვილი ადასტურებს.
“რამდენიმე დღის წინ მივმართე საკრებულოს განცხადებით, თანამდებობის დატოვების შესახებ და ჩემივე ბრძანებით, მოვალეობას მერიის აუდიტის სამსახურის უფროსი, ანა კუტიბაშვილი შეასრულებს. სამსახურის უფროსს მერის მოვალეობის შესრულება იმიტომ დაეკისრა, რომ მე, ფაქტიურად, მოადგილე აღარ მყავდა. ძალიან ამაყი ვარ იმ პროექტებით, რაც გურჯაანში განხორციელდა ამ წლების განმავლობაში. ახლა ვეჯინი- ძირკოკის მაჟორიტარობისთვის ვიბრძოლებ საკრებულოში და დიდი სურვილი მაქვს, გამოვადგე ჩემს სოფელს”– განაცხადა ხანდამაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის ორმა მოადგილემ, თანამდებობა, მერზე ადრე დატოვა.
ერთ- ერთი მოადგილე, თეიმურაზ ზავრაშვილი, გურჯაანის ცხოველთა მულტიმუნიციპალური თავშესაფრის დირექტორად დაინიშნა. მეორე, სიმონ ქოჩორაშვილი კი, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა.
არჩილ ხანდამაშვილი გურჯაანის მუნიციპლიტეტის მერად, 2017 წელს აირჩიეს.