საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში წარადგინა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო პროცესებს საია, გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, 9 რეგიონული ოფისის მეშვეობით თბილისში, აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, იმერეთში, შიდა ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში აკვირდება.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შუალედური ანგარიში ფარავს 1 მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.
საიამ, საანგარიშო პერიოდში, რამდენიმე პრობლემური შემთხვევა აღრიცხა, საიდანაც ერთი ნაწილი მმართველი პარტიის მიერ საჯარო რესურსების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას, ხოლო მეორე – ოპოზიციური აზრისთვის საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას შეეხება.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანია პასიურდ, თუმცა, მაღალი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს.
როგორც საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის წინასაარჩევნო კამპანიისას, სახელმწიფოს მხრიდან იპოთეკური სესხის დასუბსიდირების პროგრამას ცუდ პრაქტიკად აფასებს.
მისივე თქმით, ეს არის კანონმდებლობის გვერდის ავლით, იგივე მიზნის მიღწევისთვის გადადგმული ნაბიჯი, რაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ახასიათებს.
„19 აპრილის შეთანხმების შემდეგ, ქვეყანამ და პარტიებმა აიღეს ვალდებულება, რომ მოხდებოდა საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება და უფრო მეტად კონსენსუსზე დაფუძნებით მოხდებოდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, მათ შორის, თუნდაც, ცესკოს წევრების და თავმჯდომარის არჩევა. მართალია, ცვლილებები შევიდა ძალაში, თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში გადაწყვეტილება მიღებული იყო არა მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით, არამედ უბრალო უმრავლესობით, რაც არ არის კარგი ფაქტი. საჭირო იყო პოლიტიკურ პარტიებს შორის მეტი კონსენსუსი ყოფილიყო.
ამასთან, წინასაარჩევნო პერიოდის კვლევისას, ჩვენ მიერ დაიდენტიფიცირებული ფაქტები შეეხება სოციალურ ქსელებში საჯარო რესურსის არასწორად გამოყენების საკითხებს. ასევე, შეეხება მთავრობის ინიციატივას არჩევნების წინა პერიოდში სასესხო ვალდებულებების სუბსიდირებასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ შევაფასეთ, როგორც ცუდი პრაქტიკა. მართალია, ეს არ არის კანონის დარღვევა, თუმცა, ეს არის ცუდი პრაქტიკა, რამდენადაც კანონის გვერდის ავლით, წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების წინა დღეს, მოხდა ამ პროგრამის დამტკიცება და დღეიდან შედის ძალაში. ამას ჩვენ ცუდ პრაქტიკად მივიჩნევთ, რადგან ეს არის კანონმდებლობის გვერდის ავლით, იგივე მიზნის მიღწევისთვის გადადგმული ნაბიჯი, რაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ახასიათებს.
ასევე, ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მომხდარი ოლეგ ხუბულურის შეთხვევა, რაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის სამსახურიდან პოლიტიკური მოსაზრებების გამო იყო გათავისუფლებული. ამას წინ უსწრებდა დისციპლინური წარმოება. მისი გათავისუფლება ჩვენ შევაფასეთ როგორც პოლიტიკური მოსაზრებების გამო გათავისუფლება.
ზოგადად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროცესები მაღალი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს. ჯერჯერობით, აქტიურობა წინასაარჩევნო პერიოდში არ არის ისეთი მაღალი, როგორიც წინა არჩევნებზე გვქონდა ხოლმე, თუმცა პოლიტიკური დაძაბულობა მაინც ძალიან მაღალია“, – განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.