„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ თბილისის მერობის კანდიდატად ანა ბიბილაშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ბადრი ჯაფარიძე დაასახელა.
როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ბიბილაშვილს კონკრეტული ხედვა აქვს, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში არსებული პრობლემები აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებული იქნება.
„მინდა შემოგთავაზოთ, წარმატებული ქალი, წარმატებული დედა, პროფესიონალი, ურბანისტი, არქიტექტორი, პროფესორი – ანა ბიბილაშვილი. რომელსაც კონკრეტული ხედვა აქვს, დამფუძნებელი „ლელოსი“ და აქვს ხედვა, რომ ქალაქის პრობლემები აბსოლუტურად სხვანაირად გააზრებული იქნას. მე მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ მხარი დაუჭიროთ „ლელოს“, მხარი დაუჭირეთ ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას, რადგან დღეს საერთ მიზანი გვამოძრავებს. ბრძოლა ვინმე კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ კი არაა, არამედ ბრძოლაა შიმშილის, სიღატაკის, უმუშევრობის და რაც ყველაზე მთავარია ნიჰილიზმის წინააღმდეგ. ამ ქალაქიდან უნდა დაიწყოს ამის ცვლილება“, – განაცხადა ხაზარაძემ.
თბილისის საკრებულოს სიის პირველი ნომერი პარტიიდან ბადრი ჯაფარიძე იქნება.
“მე მინდა წარმოგიდგინოთ, პარტიის საკრებულოს სიის პირველი ნომერი. ის არის, ჩემი თანამებრძოლი, მეგობარი – ბადრი ჯაფარიძე. ის გაუძღვება ქალაქში საკრებულოს სიას და ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ვიბრძოლებთ”, – აღნიშნა ხაზარაძემ.