რუსთავში რამდენიმე საწარმო დაჯარიმდა

464

სამოქალაქო მოძრაობა “გავიგუდეთ” 2021 წლის 1 ივნისის შემდეგ, რუსთავში ჩატარებული გარემოსდაცვითი ინსპექტირებების შესახებ სტატიას აქვეყნებს. მასალაში მოცემულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი საწარმოების მიმართ გაიცა საჯარიმო სანქციები.

droa.ge სტატიას უცვლელად გთავაზობთ:

სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ ხშირად აღნიშნავს ხოლმე, რომ რუსთავის მოსახლეობის ჯანმრთელობა მხოლოდ მეწარმეების კეთილ ნებაზე ვერ იქნება დამოკიდებული. იმისთვის, რომ არსებული კანონმდებლობა ჯეროვნად აღსრულდეს, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა. სწორედ ამიტომ წამოვიწყეთ კამპანია „დარეკე 153-ზე“, რათა ერთიანი ძალებით შევეცადოთ და ხმა მივაწვდინოთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, რომ რუსთავში არსებული საწარმოების შემოწმება ხშირად ხდებოდეს. დღეს, ჩვენი გუნდი წარმოგიდგენთ 2021 წლის 1 ივნისის შემდეგ, რუსთავში ჩატარებული გარემოსდაცვითი ინსპექტირებების შესახებ ინფორმაციას, რომელიც მივიღეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან.

შპს “რუსთავის ფოლადი“

როგორც შპს “რუსთავის ფოლადის” 18 ივნისის არაგეგმიურმა და დოკუმენტურმა შემოწმებამ გამოავლინა, საწარმო არაერთი დარღვევით მუშაობს, კერძოდ: ხე-მცენარეების დაზიანება, წყლის რესურსების დაცვის კანონმდებლობის დარღვევა; ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის დარღვევა;

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების დარღვევა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა.

შპს “რუსთავის აზოტი”

23 ივნისს ჩატარებული არაგეგმიური შემოწმების შედეგად, შპს “რუსთავის აზოტი” დაჯარიმდა 5 000 ლარით. ოქმში ვკითხულობთ, რომ სს “რუსთავის აზოტი” საქმიანობას არ ახორციელებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის, გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებების, გეგმა-გრაფიკით განსაზღვრული ღონისძიებების დასკვნებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, მათ შორის სახიფათო ნარჩენების გატანა არ ხდება კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. ინსპექტირებისას ასევე დაფიქსირდა ტუმბოების შენობაში კედლის ძირიდან გრუნტის წყლის შემოდინების ფაქტი, წყლით დატბორილი იყო შენობის ქვედა სივრცეც.

შპს “ჯეოსთილი”

შპს “ჯეოსთილის” 29 ივნისის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ საწარმო არ ასრულებს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულებას, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობებს. ასევე არღვევს აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესებს.

შპს “რუსელოისი” და შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“

შპს “ჯეოსთილის” მსგავსად, შპს “რუსელოისის” 30 ივნისის და შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ 2 ივლისის დოკუმენტურმა შემოწმებებმა აჩვენა, რომ არც ერთი საწარმო არ ასრულებს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულებას, რისთვისაც ორივე მათგანი დაჯარიმდა 10 000 ლარით.

შპს „ჯეოფერომეტალი“ და შპს „ფერო ელოის ფროდაქშენი“

რაც შეეხება შპს „ჯეოფერომეტალისა“ და შპს „ფერო ელოის ფროდაქშენის“ 19 ივლისის დოკუმენტურ შემოწმებებს, ზემოაღნიშნული საწარმოების მსგავსად, ისინიც არ ასრულებენ ინსტრუმენტული მეთოდით სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის უწყვეტად განსაზღვრას, თუმცა არც ერთი მათგანი არ დაჯარიმებულა.

არ დაჯარიმებულა შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმიც“, რომლის 14 ივლისის დოკუმენტურმა შემოწმებამ გამოავლინა, რომ საწარმო არღვევს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილ პირობებს.

გეგმიური შემოწმების საფუძველზე, ოთხ საწარმოში დარღვევა არ გამოვლენილა, რადგანაც საწარმოები არ ფუნქციონირებს. ეს საწარმოებია: შპს „ეკო ოილი“, შპს „ვირტუოზი“, შპს „მეტექს“, შპს „ფოლადი-2001“.

ორ საწარმოში გეგმიური შემოწმების შედეგად ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი პირობების დარღვევა არ გამოვლინდა, ეს საწარმოებია: შპს „ინტერ– ლითონპროდუქტი“ და შპს „ინტერ– ლითონპროდუქტი 2002“.

ასევე, ორ საწარმოში ამჟამად მიმდინარეობს გეგმიური შემოწმება და დათვალიერება, ეს საწარმოებია: შპს „არესემ კორპი“ და შპს „ახალი ტექნოლოგიები“.

„გავიგუდეთ“ აგრძელებს ჰაერდაცვითი კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგს და შედეგებს აუცილებლად გააცნობს საზოგადოებას.

პუბლიკაცია მომზადდა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ღია საზოგადოების ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.