რუსეთის მხრიდან დესტრუქციული გადაწყვეტილებები მოსალოდნელია, მაგრამ მე არ მგონია ამას დიდი პერსპექტივა ჰქონდეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებას.
მისი თქმით, მსგავსი ნაბიჯები ლოგიკურია, რადგან რუსეთს აღიზიანებს ყველა ის სიკეთე, რომელსაც საქართველო სთავაზობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს.
“ყველა ის შესაძლებლობა, უკეთესი ცხოვრების პირობა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ აფხაზ და ოს თანამოძმეებს, გამაღიზიანებელია რუსეთისთვის და ალბათ, რეაქცია ამ თვალსაზრისით, მცდარი მაგრამ ლოგიკურია. შესაბამისად, ეს შეიძლება განვიხილოთ როგორც დასტური იმისა, რომ საქართველო რეალურად სწორად ვითარდება და პოლიტიკა, რომელიც იგეგმება დეოკუპაციის მიმართულებით, ის ნაბიჯები, რომელსაც დგამს საქართველოს ხელისუფლება არის მართებული. ასეთი დესტრუქციული გადაწყვეტილებები მოსალოდნელია რუსეთის ფედერაციის მხრიდან, მაგრამ მე არ მგონია ამას მაინც და მაინც დიდი პერსპექტივები ჰქონდეს, რადგან ადრე თუ გვიან ოკუპაცია ყველა შემთხვევაში, გარდაუვლად დასრულდება,”- განაცხადა სარჯველაძემ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტი დაამტკიცა.