ხელვაჩაურის სოფელ სალიბაურში, მშენებარე ავტობანთან მოსახლეობის მიერ განთავსებული კარვები სამართალდამცავებმა დაშალეს, რასაც ხმაური მოჰყვა

327

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურში, მშენებარე ავტობანთან მოსახლეობის მიერ განთავსებული კარვები სამართალდამცავებმა დაშალეს, რასაც ხმაური მოჰყვა.

მოსახლეობის განცხადებით, ისინი ორ თვეზე მეტია ავტობანის მშენებლობის შედეგად მიყენებულ ზიანს აპროტესტებენ. აცხადებენ, რომ საცხოვრებელი სახლები დაზიანდა, რისთვისაც კომპენსაციას მოითხოვენ.

„მოვიდნენ დილით და დაგვიშალეს კარვები. 20-მდე ოჯახი ვაპროტესტებთ ავტობანის მშენებლობით გამოწვეულ ზიანს. დაზიანდა სახლები, საცხოვრებლად უსაფრთხო ადგილი არ არის, რადგან ავტობანი დასაშვებ ნორმაზე ახლოს აშენდა საცხოვრებელ სახლებთან. მტვერი და სიბუნძურეა. ამ ეტაპზე ავტობანის მშენებელ კომპანიასთან გვქონდა კომუნიკაცია და გადაწყდა, რომ ე.წ მაიაკები დამონტაჟდება, რითაც განისაზღვრება, რა დონის ზიანი ადგება საცხოვრებელ სახლებს ავტობანის მშენებლობით. კარვების დაშლისას ადგილზე სამართალდამცავები, ადგილობრივი და ცენტრალური საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები, ამასთან კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ჩვენ მთავარი მოთხოვნაა უსაფრთხოდ ცხოვრება“,- აცხადებენ შეკრებილები.