“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების თანამდებობის პირთა დეკლარაციები შეისწავლა. ორგანიზაციის ინფორმაცით, მათ სამეგრელო-ზემო სვანეთის 9 მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს 200-მდე თანამდებობის პირის დეკლარაცია გამოიკვლიეს, საიდანაც 41-ში აღმოჩნდა დარღვევა და ფაქტობრივი უზუსტობა. ამასთანავე, როგორც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ აცხადებენ, თანამდებობის ხუთი პირის ოჯახის წევრი ან/და დაკავშირებული კომპანია ჩართულია სახელმწიფო შესყიდვებშიც.
„გასათვალისწინებელია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს, არის თუ არა კვლევაში ნახსენები კომპანიები აქტიური, რადგან ამ მიზნისთვის საჭირო ინფორმაცია წარმოადგენს საგადასახადო საიდუმლოებას. კვლევაში მოცემული ინფორმაცია დაფუძნებულია საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემებზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიხეილ ჯობავა, ფრაქცია “მრეწველების” თავმჯდომარე
მიხეილ ჯობავამ 2021 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ იგი არის შპს “ნიგი 21”-ისა და შპს “საქართველოს ნატურალური პროდუქტის” 50/50% წილის მფლობელი, თუმცა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას ეს წილები მართვის უფლებით სხვა
პირისათვის არ გადაუცია. აღსანიშნავია, რომ შპს “ნიგი 21”-ში მიხეილ ჯობავას პარტნიორი ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე ბათლომე შელიაა.
ბათლომე შელია, ფრაქცია “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე
ბათლომე შელიამ 2020 წლის ივლისში შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ იგი არის შპს “ნიგი 21”-ის 50% წილის მფლობელი და დირექტორი. თუმცა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას არ დაუტოვებია დირექტორის პოზიცია და საკუთარი წილიც მართვის უფლებით
სხვა პირისათვის არ გადაუცია.
ნუგზარ მალაშხია, ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” დირექტორი
ნუგზარ მალაშხიამ 2021 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ იგი ფლობს წილებს შემდეგ კომპანებში – შპს “ანტანტა”, შპს “ბერმუხა-09”, შპს “ნუმარემა” და შპს “ზუგდიდის ბავშვთა პოლიკლინიკა”, თუმცა, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას ეს წილები
მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული.
სახელმწიფო შესყიდვებშია ჩართული ნუგზარ მალაშხიას მეუღლე, ნანი თარგამაძე. ზუგდიდის მერიამ მისგან 2020 წლის 16 დეკემბერს, 2021 წლის 26 იანვარსა და 2 თებერვალს სამჯერ შეისყიდა რუხის კლინიკაში მოწვეული სამედიცინო პერსონალისთვის სასტუმროს
მომსახურება, ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 33,850 ლარი შეადგინა.
რუხის კლინიკაში მოწვეული სამედიცინო პერსონალისთვის სასტუმროს მომსახურება ნანა თარგამაძისგან გამარტივებული წესით შეიძინა ფოთის მერიამაც – 2021 წლის 8 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 16,500 ლარია.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
დალი კვარაცხელია, წალენჯიხის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარე
დალი კვარაცხელიამ 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ ასახა, რომ მისი შვილი ლექსო ქვარცხავა არის შპს “ლეგი+”- ის 50% წილის მფლობელი, ასევე შვილი ნიკა ქვარცხავა კი – ინდივიდუალური მეწარმე.
ფოთის მუნიციპალიტეტი
ვასილ თოდუა, ფოთის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი
ვასილ თოდუამ 2021 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში არ ჩაწერა, რომ იგი ფლობს შპს “დიკას” 12.5% წილს.
მაია მაკალათია, ფოთის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი
მაია მაკალათიამ 2020 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ იგი არის შპს “M.M.M.”-ის 100% წილის მფლობელი, თუმცა, კანონის საწინააღმდეგოდ, მას წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.
ზურაბ ტიბუა, ფოთის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი
ზურაბ ტიბუამ 2021 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მეუღლე, ნინო ხუნწარია-ტიბუა ინდივიდუალური მეწარმეა.
თემურ დუნდუა, საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე
თემურ დუნდუამ 2020 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მამამისი, თენგიზ დუნდუა არის ინდივიდუალური მეწარმე, ასევე შპს “ანიკოს” 100% წილის მფლობელი და დირექტორი, რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა.
ბაქარ ერაგია, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
ბაქარ ერაგიას 2021 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ იგი არის შპს “ბი ბი ჯი გრუპის” 50% წილის მფლობელი, თუმცა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ, მას წილი დროებით
მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.
თორნიკე ხარჩილავა, საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე
თორნიკე ხარჩილავამ 2020 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ იგი არის შპს “ფოთიგალვანიზმეტალის” 40% წილის მფლობელი, თუმცა, კანონის საწინააღმდეგოდ, მას წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.
ზვიად დგებუაძე, ფრაქცია “ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავმჯდომარე
ზვიად დგებუაძემ 2021 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აღნიშნა, რომ იგი არის ინდივიდუალური მეწარმე, რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის დარღვევაა.
დათო ხომერიკი, ფრაქცია “ფოთის” თავმჯდომარე
დათო ხომერიკს 2021 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს “ვეტერან სპორტსმენთა კლუბი ბერმუხას” 20% წილის მფლობელი, რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის
დარღვევაა.
ხობის მუნიციპალიტეტი
გოჩა ქაჯაია, ხობის მერი
გოჩა ქაჯაიას 2020 წლის ნოემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი შვილი, თენგიზ ქაჯაია ინდივიდუალური
მეწარმეა.
ზვიად ბუკია, ხობის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი
ზვიად ბუკიამ 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში ჩაწერა, რომ იგი შპს “ფლორა და ფაუნას” 25% წილის მფლობელია, თუმცა, კანონის საწინააღმდეგოდ, მას წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.
ზაზა ბუკია, ხობის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი
ზაზა ბუკიას 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ იგი არის შპს “თა-ნის” 100% წილის მფლობელი, თუმცა, კანონის საწინააღმდეგოდ, მას წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.
ირაკლი ძიძიგური, ხობის მერიის შიდა აუდიტისა და კონტროლის სამსახურის უფროსი
ირაკლი ძიძიგურმა 2020 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში მიუთითა, რომ იგი ფლობს “Georgia Trading Group”-ის 50%-ს და შპს “ნოი გრუპის” 100% წილს, თუმცა, კანონის საწინააღმდეგოდ, მას წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.
მამუკა ქარდავა, ხობის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
მამუკა ქარდავამ 2021 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი ინდივიდუალური მეწარმეა.
ვლადიმერ ქანთარია, ხობის საკრებულოს ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
ვლადიმერ ქანთარიას 2021 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ იგი არის შპს “გურტის” 50% წილის მფლობელი, თუმცა, კანონის საწინააღმდეგოდ, მას წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.
დოდო გაბუნია, ხობის საკრებულოს განათლების, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
დოდო გაბუნია “ქართული ოცნებიდან” საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას დედაა. მან 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ შპს “ფარმაციას” 50% წილის მფლობელია, თუმცა, კანონის საწინააღმდეგოდ, წილი დროებით
მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.
შპს “ფარმაცია” ჩართულია სახელმწიფო შესყიდვებშიც – კომპანიამ 2012 წლიდან დღემდე 82 გამარტივებული შესყიდვა მიიღო და ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 54,329 ლარი შეადგინა. შემსყიდველები უმტესად ხობის მუნიციპალიტეტის იურიდიული პირები და საჯარო სკოლები არიან. 82 გამარტივებული შესყიდვიდან 37 ხობის იურიდიულ პირებზე მოდის, რომელთა ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ 44,124 ლარი შეადგინა.
თემურ გულუა, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე
თემურ გულუამ 2021 მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ აღნიშნა, რომ იგი არის “ვიტა პლუსის” 100% წილის მფლობელი და დირექტორი. დეკლარაციაში ჩაწერა, რომ შპს “მანი-90”-ის დირექტორი და 50% წილის მფლობელია, თუმცა კანონის საწინააღმდეგოდ, მას წილი
დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია და არც საწარმოს ხელმძღვანელის პოზიცია არ დაუტოვებია.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ედემ კვარაცხელია, ჩხოროწყუს მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი
ედემ კვარაცხელიას 2020 წლის ივლისში შევსებულ დეკლარაციაში არ ჩაუწერია, რომ იგი ინდივიდუალური მეწარმეა.
გია ცირამუა, ჩხოროწყუს მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი
გია ცირამუას 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითებია, რომ იგი ფლობს ბინას ქალაქ თბილისში.
თეიმურაზ მალანია, ჩხოროწყუს მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი
თეიმურაზ მალანიას 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი შვილი გიორგი მალანია შპს “ტიკაძე ლეგალ ქონსალთინგის” 3% წილის მფლობელია.
გიორგი ახალაია, ჩხოროწყუს საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
გიორგი ახალაიას 2020 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის ინდივიდუალური მეწარმე და შპს “ლესიჭინე 2016”-ის 33% წილის მფლობელი, ასევე არ მიუთითებია, რომ მამა, გოგი ახალაიაც ინდივიდუალური მეწარმეა.
გიორგი ახალაია ინდივიდუალური მეწარმის სტატუსით წარსულში მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვებში. მისგან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა სამჯერ შეისყიდა მომსახურება 2013 წელს, ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 70,226 ლარი შეადგინა.
დაზმირ დარსალია, ჩხოროწყუს საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
დაზმირ დარსალიას 2020 წლის ოქტომბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ იგი არის შპს “ოსინდალეს” 33.34% წილის მფლობელი
მარტვილის მუნიციპალიტეტი
სიმონ რევია, მარტვილის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი
სიმონ რევიას 2020 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ ჩაუწერია, რომ მისი მეუღლე ნათია კანკია არის შპს “ნევტონოილის” 15% წილის მფლობელი.
როლანდ წულაია, მარტვილის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის უფროსი
როლანდ წულაიამ 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი მეუღლე, დარეჯან გაგუა შპს “თელი წოწორიას სახელობის სამედიცინო ცენტრი მკურნალის” 12.5% წილის მფლობელია.
თორნიკე ჯანაშია, მარტვილის საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
თორნიკე ჯანაშიამ 2021 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ იგი არის შპს “ტეხურა 2011”-ის 100% და შპს “გეოვუდ კომპანის” 33.33% წილის მფლობელი, თუმცა კანონის საწინააღმდეგოდ, მას წილები დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ
გადაუცია.
გიორგი გაბუნია, მარტვილის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
გიორგი გაბუნიას 2021 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი დედა, ლიანა ჯვებენავა ფლობს შპს
“სხივის” 1.1% წილს. გაბუნიას ასევე არ აქვს დეკლარირებული ძმის – მილტიადი გაბუნიასა და დედის – ლიანა ჯვებენავას თანასაკუთრებაში
არსებული, მარტვილის სოფელ ბანძაში მდებარე 4,395 კვ.მ. საკარდმიდამო მიწის ნაკვეთი. გიორგი გაბუნიას არც ის აქვს აღნიშნული,
რომ მისი ძმა მილტიადი გაბუნია ინდივიდუალური მეწარმეა.
ლაშა ქობალია, მარტვილის საკრებულოს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე
ლაშა ქობალიამ 2021 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა ინფორმაცია მარტვილში, სოფელ დოშაყეში მდებარე მის თანასაკუთრებაში არსებული მიწის სამი ნაკვეთის შესახებ, რომელთა ჯამური ფართობი 15,078 კვადრატული მეტრია.
ზაალ გოროზია, მარტვილის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე
ზაალ გოროზიას 2021 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ იგი არის შპს “ჯეო ქარგოს” 100% წილის მფლობელი, თუმცა კანონის საწინააღმდეგოდ, მას წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.
გიორგი რუხაია, მარტვილის საკრებულოს ფრაქცია ,,ევროპული საქართველოს’’ თავმჯდომარე
გიორგი რუხაიამ 2021 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნა, რომ იგი არის შპს “ჯორჯია გოლდენ ბრიჯ კო.ლტდ”-ს 45% წილის მფლობელი, თუმცა კანონის საწინააღმდეგოდ, მას წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.
ბორის მიქავა, მარტვილის საკრებულოს ფრაქცია ,,საქართველოს ქრისტიან-კონსერვატორების“ თავმჯდომარე
ბორის მიქავამ 2020 წლის აგვისტოში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა ინფორმაცია მეუღლის, ნესტან ჭიჭაღუას საკუთრებაში არსებული, მარტვილში, სოფელ აბედათში მდებარე მიწის ორი ნაკვეთის შესახებ, რომელთა ჯამური ფართობი 5,500 კვადრატული
მეტრია.
აბაშის მუნიციპალიტეტი
ლევან მაკალათია, აბაშის მერი
ლევან მაკალათიას 2021 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ იგი 100% წილებს ფლობს ორ შპს-ში – “პროგრესული მშენებლები” და “მ&ნ+”, თუმცა კანონის საწინააღმდეგოდ, მას წილები დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ
გადაუცია.
ელვარდი ნოდია, აბაშის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-კონსერვატორების თავმჯდომარე”
ელვარდი ნოდიამ 2021 წლის მარტში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი არის შპს “ნორიოს” 20% წილის მფლობელი და დირექტორი, ასევე კოოპერატივს “ზანას” დირექტორი და გამგეობის თავმჯდომარე.
სენაკის მუნიციპალიტეტი
ლევან კუპრეიშვილი, სენაკის მერი
ლევან კუპრეიშვილს 2021 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნული აქვს, რომ იგი არის შპს “მაქსკრედიტის” 33% წილის მფლობელი, თუმცა კანონის საწინააღმდეგოდ, მას წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.
ბადრი კალანდარიშვილი, სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
ბადრი კალანდარიშვილს 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს მითითებული, რომ იგი ინდივიდუალური მეწარმეა. ინდივიდუალური მეწარმეა ბადრი კალანდარიშვილის დედა – ციალა კალანდარიშვილიც, თუმცა არც ეს ინფორმაციაა დეკლარირებული.
მესტიის მუნიციპალიტეტი
ირაკლი ქურდიანი, მესტიის მერის მოადგილე
ირაკლი ქურდიანს 2021 წლის მაისში შევსებულ დეკლარაციაში არ აღუნიშნავს, რომ იგი არის კოოპერატივ “რკ მესტიას” წევრი და გამგეობის თავმჯდომარე.
ირაკლი ქურდიანის შვილი ჩართულია სახელმწიფო შესყიდვებში, 2020 წლის სექტემბერში მესტიის მერიამ მისგან, გამარტივებული წესით (MR200120230), მინი სტადიონის მშენებლობის მომსახურება შეისყიდა, ხელშეკრულების ღირებულებამ კი 18,421 ლარი შეადგინა.
ზაურ ჩართოლანი, მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
ზაურ ჩართოლანი ფლობს 12.5% წილს შპს “ტურისტულ ალპინისტთა კლუბ მთის ლეგენდაში” და 34% წილს შპს “სვანეთი თრეველში”. ეს ინფორმაცია მან ასახა 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში, თუმცა საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა
და კორუფციის შესახებ კანონის საწინააღმდეგოდ, საკუთარი წილი დროებით მართვის უფლებით სხვა პირისთვის არ გადაუცია.
ზაურ ჩართოლანი ამავე დროს არის ა(ა)იპ “სვანეთის ტურიზმის ცენტრის” წევრი და გამგეობის თავმჯდომარე, რომელმაც 2014-2017 წლებში სამი შესყიდვა მიიღო, მათგან ორჯერ გამარტივებული შესყიდვა – კონტრაქტების ჯამური ღირებულებით 39,547 ლარი, ერთი
მოგებული ტენდერის ღირებულებამ კი 23,256 ლარი შეადგინა. სამივე შემთხვევაში მომსახურების შემსყიდველი მესტიის მუნიციპალიტეტი იყო. ორი შესყიდვისას ზაურ ჩართოლანი უკვე იკავებდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას.
როდამ გვარმიანი, მესტიის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე
როდამ გვარმიანს 2020 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აღუნიშნავს, რომ იგი კოოპერატივ ნაკრას ერთ-ერთი დირექტორი და თავმჯდომარეა.
ირაკლი გირგვლიანი, მესტიის საკრებულოს ფრაქცია “სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე
ირაკლი გირგვლიანმა 2021 წლის თებერვალში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი ორი სხვადასხვა კოოპერატივის – საძმო და იენაში ერთ-ერთი წევრი და დირექტორია.
თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის
ბიუროს, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.