ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობამ ახლა უნდა გადაწყვიტოს, რომელ გზას ირჩევს — დასავლურს თუ რუსულს. მისი თქმით, ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება პარტნიორებთან კონსულტაციის გარეშე არასწორია.
“ველოდებით შარლ მიშელის რეაქციას, ყველა ვიზიარებთ ამ იმედგაცრუებას. ქვეყნის შიგნით განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანება, საქართველოს ერთიანობა, ასევე ევროკავშირის და აშშ-ს გვერდით ყოფნა, ამ ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩემი ქვეყნის გამოცდილებიდან კარგად ვიცი, რომ საქართველოს სხვა ალტერნატივა არ გააჩნია — ან წახვალთ დასავლეთის გზით ან რუსულ გზას აირჩევთ. მინდა ვკითხო საქართველოს მთავრობას, რომელ მიმართულებას ირჩევენ. თუ ჩვენ შევთანხმდით ძირითად დოკუმენტზე, რომელიც საქართველოსთვის რეფორმებს, ადგილობრივ არჩევნებს და ქვეყნის განახლების საკითხებს შეეხება, მისი გაუქმება პარტნიორებთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც დოკუმენტს მაღალი რანგის ევროპელი ლიდერი აწერს ხელს. მივესალმებით შარლ მიშელის ძალისხმევას, რაც უპრეცენდენტო შემთხვევა იყო, საქართველოს მთავრობამ ეს უნდა დააფასოს”, — ამბობს პავილიონისი [მთავარი არხის თარგმანი].
28 ივლისს ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულია. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, შეთანხმებას მხოლოდ თავად ასრულებენ, რაც არასწორად მიაჩნიათ. მან ოპოზიციას დააბრალა შეთანხმების არშესრულება. ამასთან, მისივე თქმით, ქართული ოცნება უარს ამბობს აქამდე დაპირებულ 43%-იან ბარიერზე და აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათი “კეთილი ნებით” 53%-ის მიღების შემთხვევაშიც ჩატარდება, თუ გადაწყვეტენ, რომ ოპოზიცია მზად არის კოალიციური მმართველობისთვის.