მოდი, პირდაპირ ვთქვათ, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ცალსახა პრიორიტეტი და კარგია, რომ ამ კუთხით შარლ მიშელის შეთანხმება ძალაშია, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში მართლმსაჯულებას უზარმაზარი პრობლემები აქვს.
„მართლმსაჯულების გარშემო არსებულ ვითარებას აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ. საკომიტეტო განხილვებზე კვლავ იქნება მსჯელობა პროკურატურასთან დაკავშირებით, სადაც ჩვენს პოზიციებს არგუმენტებით გავამყარებთ.
“ქართულ ოცნებას” არ სურს პროკურორთან დაკავშირებით ცვლილებების მიღება. ეს არის რეალობა. დასავლური რეკომენდაცია გულისხმობს, რომ პროკურორი უნდა იყოს მიუკერძოებელი, მეტ-ნაკლები შეთანხმებით არჩეული კანდიდატი. ჩვენ სხვა ფრაქციებთან ერთად უნდა მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. არც ჩვენი და არც რომელიმე სხვა ფრაქციის ხმა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი არ არის“, – განაცხადა ვაშაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისთვის გენერალური პროკურორის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. მისი თქმით, ვიდრე აღნიშნული პრობლემა მოგვარდება, აუცილებელია სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად ჩატარდეს საერთო განხილვა.
„ჯერჯერობით დაზუსტებით არ ვიცით, რას დავუჭერთ მხარს. საკომიტეტო მოსმენა უნდა იყოს, შემდეგ საპარლამენტო დებატები უნდა გაიმართოს, მერე კი ყველა ფრაქცია უნდა ჩამოვყალიბდეთ საერთო შეთანხმებაზე.
არცერთ ფრაქციას ამ პარლამენტში არ აქვს იმდენი ხმა, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ძალაში შევიდეს. შესაბამისად, კარგია, რომ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავდივართ, მაგრამ მართლმსამჯულების კუთხით უზარმაზარი პრობლემები გვაქვს და შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, ჩვენ უამრავი რეფორმა გვჭირდება“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ამასთან, ვაშაძემ ამერიკელი კონგრესმენების საქართველოში ვიზიტზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ამერიკელი პოლიტიკოსები საქართველოს პირადი სურვილით სტუმრობენ და ეს არ არის საქმიანი ვიზიტი.
„პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ კონგრესმენები საქართველოში იმყოფებიან პირადი და არა ოფიციალური ვიზიტით. ეს არ არის ჩვენ ქვეყანაში სახელმწიფო დეპარტამენტის ან თეთრი სახლის მიერ ორგანიზებული ვიზიტი. მათი ჩამოსვლის მიზეზს კი დრო გვიჩვენებს, სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია“, – აღნიშნა ვაშაძემ.