ჩიქოვანი: ბათუმისთვის მთავარი მიმართულება ინფრასტრუქტურის განვითარებაა

280

ბათუმის გაზრდილ ბიუჯეტსა და მსხვილ პროექტებზე აჭარის მთავრობის სხდომაზე ისაუბრეს, რომელიც აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

მთავრობის სხდომაზე, გაზრდილი ბიუჯეტის შესახებ პრეზენტაცია არჩილ ჩიქოვანმა წარადგინა.

მისივე თქმით, ბათუმში, ეპიდემიოლოგიური ვითარების სწორი მართვის შედეგად, გაიზარდა ინვესტიციები, რაც ხელს უწყობს ეკონომიკური განვითარების პროცესს, რამაც ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესების დინამიკა განაპირობა.

“პრიორიტეტად დარჩა ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო პოლიტიკის განვითრება, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, რეკრეაციული და მწვანე სივრცეების მოწყობა.

ბათუმისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ინფრასტრუქტურის განვითარებაა. მინდა გამოვყო საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურა, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს 107 ქუჩისა და ჩიხის კეთილმოწყობა, ასევე, 30-მდე სპორტული მოედნის მშენებლობა-რეაბილიტაცია. აქტიურად დავიწყეთ მუშაობა რეკრეაციული სივრცეებისა და მწვანე ზონების მოწყობასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. წელს 20-მდე ახალი სკვერის მოწყობა დავგეგმეთ, ნაწილი დასრულდა, ნაწილის მშენებლობა კი, ინტენსიურად მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, პრემიერმინისტრის ინიციატივით, „განახლებული რეგიონების” პროექტის ფარგლებში, მალე, ბათუმში დაიწყება მწვანე დერეფნის მშენებლობა. ასევე, ჩაქვის ტერიტორიაზე, წელსვე, დავიწყებთ მრავალფუნქციური ზონის მოწყობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია იპოდრომის, ცხოველთა თავშესაფრისა და სკვერის მშენებლობა. ტენდერი უკვე გამოცხადდა, რისთვისაც 10 მილიონამდე ლარია გამოყოფილი.

სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების მიმართულებით, წელს ჩვენ 40 ერთეულ ახალ მუნიციპალურ ტრანსპორტს შევიძენთ. დავიწყებთ 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას, ასევე, 3 ახალი სოციალური სახლის რეკონსტრუქცია-მშენებლობას. აქვე, მინდა გამოვყო ის მსხვილი პროექტები, რომლებიც ინტენსიურად მიმდინარეობს – ბარცხანის ხიდის რეაბილიტაცია, გოგოლის ქუჩისა და გოგოლის ხიდის რეკონსტრუქცია, ასევე, ბაგრატიონის ქუჩის სრული რეაბილიტაცია. აღსანიშნავია, რომ ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების რეაბილიტაციას. ასევე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხარდაჭერის პროგრამის კუთხით, სადაც დაფინანსება 7 მილიონ ლარამდე გავზარდეთ და ამხანაგობების თანამონაწილეობის წილი 1%-მდე შევამცირეთ. ჩვენის მხრივ, მაქსიმალურად შევეცდებით, რათა ყველა მიმდინარე პროექტი დროულად და სწრაფად დასრულდეს”,- აღნიშნავს არჩილ ჩიქოვანი.