ვაშაძე: თუ ჩვენ არჩევნებზე ძლიერი მესამე ძალის კანდიდატურას დავაყენებთ, მას შესაძლებლობა ექნება კალაძე მეორე ტურში დაამარცხოს

800

თუ ჩვენ არჩევნებზე ძლიერი მესამე ძალის კანდიდატურას დავაყენებთ, მას შესაძლებლობა ექნება კახა კალაძე მეორე ტურში დაამარცხოს, – ასეთ პროგნოზს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აკეთებს.

როგორც ვაშაძე აცხადებს, ოპოზიციური პარტიების ნომერ პირველი ამოცანაა, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების პროპორციულ ნაწილში 43% ვერ აიღოს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს. მისი თქმით, ყველა სტატეგია სწორედ ამაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

„ყველაზე სწორი იქნება, ჩამოყალიბდეს მესამე ძალა და მერობის კანდიდატი მან წარადგინოს, ასევე საკუთარი კანდიდატურები წარადგინოს ყველა პოზიციაზე. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ არჩევანი მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ ნოძრაობას“ შორის, მხოლოდ აწმყოსა და წარსულს შორის არ არის – არჩევანია აწმყოსა და მომავალს შორის. მე, ჩვენს გუნდთან ერთად, ამაზე ვმუშაობ. იმედი მაქვს, პირველი ეტაპის კონსოლიდაცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოხდება, ხოლო შემდეგი ეტაპის კონსოლიდაცია – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის. ვმსჯელობთ როგორც კონკრეტულ პარტიებთან, ასევე პიროვნებებთან, ვინც შეიძლება პოლიტიკაში ჩაერთონ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.